მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაახლოებით 7 მლნ ლარის მარკეტინგული კამპანიები ჩაეშვა ჩინეთში - იოსელიანი

თამარ იოსელიანი

დაახლოებით 7 მილიონი ლარის მარკეტინგული კამპანიები ჩაეშვა ჩინეთში, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას - ეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ჩინეთიდან მზარდია როგორც ტურისტების რაოდენობა ასევე მგზავრთნაკადიც.

„პირველ კვარტალში ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს და შეიძლება ითქვას, პირველ ნახევარშიც, დაახლოებით, 50%-იანი მატება გვაქვს ზოგადად მგზავრთნაკადის თვალსაზრისით, 44%-იანი მატება გვაქვს ტურისტული მიმართულებით. წინა წელსაც, დაახლოებით 45%-იანი მატება გვქონდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ტენდენცია ძალიან მზარდია, რასაც ხელს უწყობს როგორც უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, ასევე ის კამპანიები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს ჩინეთის ბაზარზე. დაახლოებით, 7 მილიონი ლარის მარკეტინგული კამპანიები ჩაეშვა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და შესაბამისად ეს უკვე ციფრებში აისახება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი საჰაერო ხიდიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავაღრმაოთ ურთიერთობები და შესაბამისად მოვიზიდოთ როგორც ტურისტები, ასევე ბიზნესურთიერთობები გავაღრმაოთ შანხაისთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, - აცხადებს იოსელიანი.

მან ასევე ისაუბრა შანხაისა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყებაზეც. ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი ასრულებს.

„შანხაი არის ასევე ჰაბი აზიაში, რომელიც შემდგომ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სხვა მიმართულებებზეც მოხდეს დაკავშირება“, - ამბობს იოსელიანი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებული წესით 1 482 080 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology-ს. კომპანიამ ჩინეთში 2026 წელს მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის წარმოება უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები