მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების გენგეგმის ალტერნატივები" - იოსელიანი ნიდერლანდებში შეხვედრებს მართავს

თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენერალურ გეგმაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა პორტის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.

უწყების პრესსამსახური წერს, რომ მინისტრის მოადგილე ნიდერლანდებში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Port Consultants Rotterdam-ს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები, სამომავლო ნაბიჯები, პოტენციური საინფორმაციო დანაკლისები და ძირითადი რისკები.

„დღეს შეხვედრა გვქონდა როგორც ჩვენს კონსულტანტთან, რომელიც მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის განახლებაზე, ასევე იმ კომპანიასთან, რომელმაც მოამზადა ის დეტალური დიზაინი, რომლითაც ახლა მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში იმისათვის, რომ აშენდეს შესაბამისი ტალღმჭრელი და დაღრმავდეს სიღრმე 18 მეტრამდე.

გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, თუ როგორ უნდა განახლდეს არსებული გენგეგმა იმისათვის, რომ ეფექტიანად იყოს გამოყენებული, სრულად ათვისებული ის ტერიტორია, რომელიც გამოყოფილია ანაკლიის ნავსადგურისთვის და შესაბამისად დაიგეგმოს იმ პარამეტრებით, რომ იყოს წარმატებული და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება დამოკიდებულია სწორად დაგეგმილ გენგეგმასთან, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის“.

სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში ასევე იმყოფებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირაოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.

ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ.

ამჟამად, ანაკლიაში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყლის ფსკერის დაღმავების, ნაპირის მოწყობის, პორტის დამცავი ტალღმტეხელის კედლის მოწყობის მიმართულებით, რასაც $150 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტით ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები