„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტის დაფინანსების მოსაზიდად", - ამის შესახებ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელურად, "შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც, რათა 2029 წლისთვის ანაკლიის პორტმა პირველი გემი მიიღოს".
„ჩვენ გადავხედეთ ანაკლიის განვითარების გენგეგმას, რაც გულისხმობს, რომ პირველი ფაზისთვის საგრძნობლად გავზარდეთ ტვირთგამტარობა. 1,5 მილიონი ტონიდან ჩვენ ნაყარი და გენერალური ტვირთები ავწიეთ დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე, რაც რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ზოგადად დერეფანში ძალიან მომატებულია ტვირთბრუნვა და შესაბამისად ამ გაზრდილი ტვირთბრუნვის გათვალისწინებით ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან და მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული.
ანაკლიამდე მისასვლელი გზა ₾327 მლნ ჯდება, მაგრამ მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა - რკინიგზის ფული ბიუჯეტშიც არ ჩანს
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირაოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.
ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ.
ამჟამად, ანაკლიაში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყლის ფსკერის დაღრმავების, ნაპირის მოწყობის, პორტის დამცავი ტალღმტეხელის კედლის მოწყობის მიმართულებით, რასაც $150 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტით ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს.




























