ქვემო ქართლში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულების ახალ თარიღი 2025 წელია. ამის შესახებ BMG-ს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს.
საქმე ისაა, რომ პროექტი, რომელზეც EBRD-თან სასესხო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2015 წელს დაიდო, კვლავ არ დასრულებულა. BMG-ის კითხვაზე, რა ეტაპზეა და როდის დასრულდება პროექტი, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში შემდეგ განმარტებას აკეთებენ: „ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა 2023 წლის ბოლოს, საერთაშორისო სატენდერო პროცედურების გათვალისწინებით. ხელშეკრულების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2025 წლის დასაწყისში“.
2015 წლის მაისში, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მაშინდელმა პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ ხელი მოაწერეს 7 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას და პროექტის მიხედვით, ახალი ნაგავსაყრელი 2015-2018 წლებში უნდა აშენებულიყო, თუმცა პროცესი გაჭიანურდა და ტენდერი 2022 წლის იანვრის ბოლოს გამოცხადდა. მაშინ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში BMG-სთან განმარტავდნენ, რომ მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი 2023 წლის ბოლო იყო. პროექტის გაჭიანურებას კი, ტექნიკურ მოთხოვნებს, ტენდერის გამოსაცხადებლად საჭირო ეტაპების სირთულეს, პანდემიას და ა.შ. უკავშირებდნენ.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 10 850 000 ევროა. EBRD-ის სესხთან ერთად, ის 3 მილიონი ევროს გრანტით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (SIDA) ფინანსდება. ახალი პოლიგონი ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) 200 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება.