2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომლითაც ბიუჯეტს პანდემიურ ვითარებაში კერძო სექტორის დაკრედიტებისთვის უნდა შეეწყო ხელი. პროგრამის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 330-მილიონ ლარიანი ბიუჯეტის შედეგად, კერძო სექტორისთვის 2 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის სესხების გარანტირება მოხდებოდა.
BMG-ის მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, პროგრამის ფაქტობრივი ათვისება ბევრად დაბალია, ვიდრე ის რიცხვები, რომელთა შესახებაც გაზაფხულზე მთავრობამ გააკეთა დაპირება.
არსებული მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში სულ 108 მილიონი ლარის სესხები არის დამტკიცებული, გარანტირებული კრედიტების რაოდენობა კი 139-ია. ამასთან, 330-მილიონიანი ბიუჯეტიდან საგარანტიოდ გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა 31.6 მილიონი ლარია. შესაბამისად პროგრამის ათვისება 10%-ზე დაბალია.
BMG-იმ გუშინ პროგრამის შესახებ კითხვა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას დაუსვა. მინისტრმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, პროექტმა ბიზნესს ხელშესახები სარგებელი მოუტანა.
“121 პროექტია ბოლო მონაცემებით დაფინანსებული. მე ვფიქრობ, რომ ამ მექანიზმმა ძალიან კარგი როლი შეასრულა კრიზისის ფონზე. რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო პანდემია ჩვენ ისეთი ცვლილებები განვახორციელეთ, ამ მექანიზმში და ისე გავამარტივეთ და დიდწილად გავითვალისწინეთ ბიზნესის, ბანკების საწარმოების ინტერესები და ის იმუშავებდა მაინც. მაგრამ სწორედ ამ კრიზისულ ვითარებაში მეტი დატვირთვა ეძლევა ამ მექანიზმს. მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად იმუშავა. 121 პროექტი არ არის ცოტა,”- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
საკრედიტო საგარანტიო სქემა წელს ეკონომიკის სამინისტროს 826-მილიონიანი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. 2021-ში სამინისტროს ბიუჯეტის 352 მილიონი ლარით შემცირების მთავარი მიზეზიც, სწორედ ამ პროგრამის დაფინანსების 280 მილიონი ლარით კლებაა.
როგორც სახელმწიფო ხაზინის მონაცემებიდან ირკვევა, ეკონომიკის სამინისტრომ ამ პროგრამის დაბალი ათვისების გამო, მის ბიუჯეტში რამდენიმე კორექტირება შეიტანა. კერძოდ კი 2020 წლის აგვისტოსთვის მისი ბიუჯეტი 330 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, სექტემბერში ის ჯერ 296 მილიონ ლარამდე შემცირდა, ოქტომბერში ბიუჯეტმა დამატებით 281 მილიონ ლარამდე იკლო, ნოემბრის მდგომარეობით კი მისთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა 261 მილიონ ლარს შეადგენს.
საკრედიტო-საგარანტიო სისტემაში მონაწილეობისთვის კომპანიებისთვის არაერთი კრიტერიუმი არის განსაზღვრული. სისტემაში მონაწილეობის მიღებისთვის ბენეფიციარის შემოსავლების მოცულობა მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოსთვის განსაზღვრულ შემოსავლებს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო მისი არსებული სასესხო ვალდებულებების მოცულობა 12 მილიონ ლარზე დიდი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი სესხზე სახელმწიფო გარანტიით ვერ ისარგებლებს. ამასთანავე, მთავრობა პროგრამაში ჩართვის მსურველ ბიზნესს მხოლოდ ლარის სესხის გარანტიას სთავაზობს. კრედიტის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში კი პროგრამა სავალუტო სესხებზეც ვრცელდება.
“აწარმოე საქართველოში”-ს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხების მოცულობა 96.7 მილიონი ლარი, რესტრუქტურიზებული სესხების მოცულობა კი 11.2 მილიონი ლარია.
სესხის მოცულობის მიხედვით, პორტფელში ყველაზე დიდი კვების პროდუქტების წარმოებაა 28%-იანი წილით. შემდეგ მოდის რესტორნები, საკვების მიწოდება და ღვინის წარმოება 16% და 13% წილით.