გთავაზობთ გასული კვირის - 10-16 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
"ბაზისბანკი" "ლიბერთი ბანკს" აღარ ყიდულობს - შესაძლოა ორი ბანკი გაერთიანდეს
„ბაზისბანკი“ ამ ეტაპზე აღარ განიხილავს „ლიბერთი ბანკის“ შეძენას. ეს ინფორმაცია BMG-ს დაუდასტურეს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ისე „ლიბერთის“ თანამფლობელმა ირაკლი რუხაძემ. რუხაძის თქმით, მხარეები კვლავ განიხილავენ პარტნიორობის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის ორი ბანკის გაერთიანების შესაძლებლობასაც. „ლიბერთი ბანკის“ აქტივები 5.77 მილიარდ ლარს შეადგენს, „ბაზისბანკის“ - 4.47 მილიარდს. გაერთიანების შემთხვევაში, მათი საერთო აქტივები 10.24 მილიარდი ლარი იქნება.
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ექსპორტმა 684.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით, ანუ 2.9 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ჯამურ მაჩვენებლებს, ექსპორტი ამ პერიოდში 5.83 მილიარდი დოლარი იყო, რაც 6.8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში იმპორტი 3%-ით, ანუ 45.9 მილიონი დოლარით შემცირდა და 1.46 მილიარდი დოლარი შეადგინა. 10 თვეში იმპორტმა ჯამურად 15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2026 წლიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს და მსხვილ ტენდერებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ჩაატარებს
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებებით, 2026 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება დამოუკიდებელი უწყება სახელწოდებით - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მთავრობა განსაზღვრავს შესასყიდ კრიტერიუმებს და თუკი მაგალითად მომსახურების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მაღალი იქნება, ტენდერს კონკრეტული მხარჯავი უწყების ნაცვლად ცენტრალური შემსყიდველი ორგანო გამოაცხადებს. ამასთან, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ახალი უწყება კეთილსინდისიერი თანამშრომლებით დაკომპლექტდება, რაც სახელმწიფოს გადახარჯვის და წარუმატებელი შესყიდვების რისკს აარიდებს თავიდან.
ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა 2026 წლიდან ამოქმედდება - დადგენილება მიღებულია
მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომელიც სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭლის რეგულირებას ეხება და 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კერძოდ, შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებებით, იკრძალება შესაბამისი პროდუქტების წარმოება (თუ საექსპორტოდ არაა განკუთვნილი), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. საუბარია პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების აკრძალვაზე. ამასთან, იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
პარლამენტმა კანონპროექტიდან ამოიღო პუნქტი, რომელიც საბანკო ბარათით გადახდის მაქსიმალურ საკომისიოდ 0.5%-ს აწესებდა
პარლამენტმა საგადახდო სისტემების კანონპროექტიდან ამოიღო პუნქტი, რომელიც ბარათით გადახდის საკომისიოს 0.5%-ით ზღუდავდა. მიზეზად სებ-ის წერილი დასახელდა, სადაც საკითხის დამატებითი შესწავლის საჭიროება იყო ხაზგასმული.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ ბანკის ბარათების საკომისიოების მოწესრიგებას მიესალმება, თუმცა საჭიროა როგორც მომხმარებლის, ისე ბანკების ინტერესების დაცვა. მისი თქმით, ინიციატივას დამატებითი სამუშაო სჭირდება და მხოლოდ დროებით გადაიდო, რათა ინდუსტრიასთან ერთად ოპტიმალური მოდელი ჩამოყალიბდეს. საკითხი ეხება პოსტერმინალების საკომისიოს, რომელიც დღეს 1.5-2%-ს შეადგენს, ხოლო დეპუტატების პროექტი მას 0.5%-მდე ზღუდავდა.
VASP-ებზე სებ-ის რეგულაციები ფართოვდება
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ არის მომზადებული და კანონპროექტით შემოდის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირება. თუკი აქამდე VASP-ების რეგულირება მათი რეესტრის წარმოებით და ლიცენზიების გაცემით შემოიფარგლებოდა, ახლა სებ-ს VASP-ების საქმიანობის უფრო ყოვლისმომცველი რეგულირება შეეძლება, რაც კლიენტთა მომსახურების საკითხებსაც დაარეგულირებს.
გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან კუპატაშვილს და სამშენებლო კომპანია Akkord-ის დირექტორს პროკურატურამ რიონზე ჩანგრეული ხიდის საქმეზე ბრალი წარუდგინა
ორშაბათს მთავარმა პროკურატურამ სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის ჩანგრევის საქმეზე ბრალი გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან კუპატაშვილს. ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია Akkord-ის დირექტორს და პროექტის მენეჯერს და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების - IC Consuleten ZT GmbH/Nievelt Ingenieur GmbH/Spea Ingegneria Europea S.pA./Road Rehabilitation and Modernization Supervision Direction LTD წარმომადგენლებს, რომლებმაც ხიდის მდგრადობაზე ყალბი დასკვნები გასცეს. ხიდი 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა.
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის სამშენებლო საზედამხედველო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე და მესამე ლოტების სამშენებლო ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. მეორე ლოტი 6.5 კმ მონაკვეთს (წიწამური–ავჭალა) და ორ 3.5 კმ-იან გვირაბს მოიცავს, მესამე ლოტი კი ავჭალა–აეროპორტის 22.5 კმ გზას. ზედამხედველობის მომსახურების ღირებულება პირველ მონაკვეთზე 11.5 მილიონ დოლარს, მეორეზე - 15.6 მილიონ დოლარს შეადგენს. ტენდერები ADB-ის წესებით ჩატარდება, წინადადებების მიღება 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გზის მშენებლობას 40 თვე დაეთმობა, ხოლო მიწების გამოსყიდვის დაწყება 2026 წლიდან არის დაგეგმილი. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 520 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა საბოლოო თანხა ტენდერზე განისაზღვრება.
თბილისში, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა ₾40.6 მილიონად იყიდება - კვადრატული $892 ღირს
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებს, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო. საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს 16 837 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და 18 შენობა-ნაგებობას, მათ შორის ნანგრევებად ქცეულ ნაწილსაც. საწყისი ფასი 40,676,000 ლარია, შესაბამისად ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მთავრობა 2416 ლარად ყიდის, რაც 892 დოლარის ტოლია. ქონება განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, რაც ნიშნავს, რომ მომავალ მფლობელს მოუწევს შესაბამისი ნორმების დაცვა.




























