მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთი ფანჯრის პრინციპი" - ხუთი წლის შემდეგ, ნათია თურნავას დაპირებას მარიამ ქვრივიშვილი იმეორებს

ქვრივიშვილი თურნავა

„ჩვენ ვქმნით ახალ ფორმატს, „ერთი ფანჯრის პრინციპს“ - ხუთი წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას დაპირებას ეკონომიკის მოქმედი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იმეორებს.

მარიამ ქვრივიშვილი ირწმუნება, რომ ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინვესტორის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი იქნება, მიუხედავად ინვესტიციის ზომისა.

„ჩვენ ვქმნით ახალ ფორმატს, „ერთი ფანჯრის პრინციპს“ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს კერძო სექტორის კოორდინაცია სხვადასხვა სამინისტროებთან. ეკონომიკის სამინისტრო იქნება თქვენი მხარდამჭერი, რომ სწრაფად, კონკრეტულ ვადებში მიიღოთ უკუკავშირი და არ გქონდეთ შეფერხება ამ კუთხით“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“.

კონფერენცია მედიისთვის დახურული იყო და მოქმედი მინისტრი არც ღონისძიების შემდეგ გამოჩენილა ჟურნალისტებთან. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში კი წერია, რომ „პანელურ დისკუსიაზე მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით მთავრობის ძალისხმევას, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბიზნესს, მათ შორის, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებასა და შემცირებაში“.

ვეცდებით, „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის შესახებ მარიამ ქვრივიშილის ხედვის შესახებ მეტ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროსგან მივიღოთ, თუმცა BMG-ის ციფრული არქივი ინახავს არაერთ განცხადებას, სადაც სხვადასხვა დროს, „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრები ბიზნესს ბიუროკრატიის გამარტივების მიზნით, „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვას ჰპირდებოდნენ, მათ შორის იყო ნათია თურნავა.

„ბიზნეს-სახლის კონცეფცია, პირველ რიგში, ესაა ერთიანი, გამარტივებული სერვისები და ჩვენ ამ ერთი ფანჯრის პრინციპის ფარგლებში, ვამუშავებთ და ბიზნესს შევთავაზებთ ვირტუალურ ბიზნეს-სახლს“, - ამბობდა ნათია თურნავა 2019 წლის ივლისში.

„უახლოეს პერიოდში ახლებურ ხედვას შემოგთავაზებთ ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის კუთხით“, - ეს დაპირებაც ნათია თურნავამ 2019 წლის დეკემბერში, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშით წარდგენისას გასცა.

შეგახსენებთ: ჯერ კიდევ, 2016 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ბიზნესსახლის შექმნა დაანონსა. „ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ სივრცეში 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება, და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის საქმიან და მეგობრულ გარემოში წარმართვა“, - ეს იყო ძირითადი მიზანი, რისთვისაც ბიზნეს სახლი უნდა აშენებულიყო, მაგრამ როგორც სხვა არაერთი დაპირება, ბიზნეს სახლის პროექტიც იდეად დარჩა, ხოლო მისთვის გამოყოფილი რამდენიმე ათეული მილიონი სხვა პროექტებზე დაიხარჯა. 2019 წელს, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ბიზნესს გამარტივებულ სერვისებ ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით იუსტიციის სახლის ბაზაზე შესთავაზებდნენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები