მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაავადებების გამო, თევზის ფერმები იხურება, ქვეყანაში არ გვაქვს ლაბორატორია - "სოფოს კალმახი"

63d3b5d9792b3
მარიამ დემეტრაშვილი
28.01.23 12:40
1141
თევზის ფერმერული მეურნეობები წარმოების პროცესში უმთავრეს პრობლემად თევზის დაავადებებს ასახელებენ. ქვეყანაში კვლევითი ლაბორატორიის არარსებობის გამო, თევზსაშენებს დაავადებების პრევენცია უჭირთ, რაც მათი დახურვის მიზეზი ხშირად ხდება.

საკალმახე მეურნეობა „სოფოს კალმახის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აკვაკულტურის შესახებ კანონი ფერმებს თევზის დაავადებების მონიტორინგის ვალდებულებას დააკისრებს, თუმცა ლაბორატორიის გარეშე, ეს ვერ მოხერხდება.

„აკვაკულტურის შესახებ კანონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რაც არის, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ თევზის ჯანმრთელობა საწარმოში, მაგრამ ამისთვის გვჭირდება შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ასევე  კვალიფიციური იხტიოლოგების სერიოზული დეფიციტია. სახელმწიფო ჩვენ თუ გვავალდებულებს, რომ თევზის საწარმოში დაავადებების მონიტორინგი უნდა ვაწარმოოთ, შესაბამისად, ივალდებულებს საკუთარ თავსაც, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს კვლევითი ლაბორატორია. იხტიოპათოლოგიის საკითხი კი არ არის ჯერ დაძრული. 12 წელია ამ სფეროში ვარ და სულ ამას ვამბობ: თევზის დაავადებების უდიდესი პრობლემა გვაქვს. მეურნეობების დახურვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ესეც იყო, რომ ვერ მართავდნენ დაავადებებს“, - ამბობს სოფო დიასამიძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ფერმერულ მეურნეობებს აწუხებთ, თევზის საკვებზე გაზრდილი ფასი და მისი არასათანადო პირობებში შენახვაა. სოფო დიასამიძე ამბობს, რომ ახლა ერთი კონტეინერი საკვები 30 000 ევრო ღირს, გასულ წელს კი, 20 000 ევრო ღირდა.

„თევზის საკვებზეც იმპორტზე ვართ დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ თევზის საკვების ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტი - თევზის ფქვილი იწარმოება ჩვენთან, იმ საწარმოების მოწყობა, რომელიც თევზის საკვებს უნდა აწარმოებდეს, იმდენად ძვირი ჯდება და ჩვენი წარმადობა იმდენად ვერ პასუხობს ამას, ინვესტორები თავს იკავებენ ხოლმე. მნიშვნელოვანია, არა მარტო ხარისხიანი საკვების შემოტანა, არამედ მისი სწორად დასაწყობებაც, რადგან მალფუჭებადი პროდუქტია და სათანადო პირობები უნდა იქნეს დაცული. ჩვენ ფერმერები ხშირად ვაწყდებით არაკეთილსინდისიერ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ამ საკითხს ვერ ითვალისწინებენ“, - თქვა სოფო დიასამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები