მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თევზზე გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოება ვერ პასუხობს - ბიზნესი

63d3a5ba7ff88
მარიამ დემეტრაშვილი
27.01.23 14:49
1641
თევზზე გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ფერმერული მეურნეობები ვერ პასუხობენ. ბიზნესი ამბობს, რომ მოთხოვნა ქვეყანაში მიგრანტების შემოსვლამ გაზარდა, რის დაკმაყოფილებაც ძირითადად იმპორტირებული პროდუქციით უწევთ.

„მიგრანტების ფონზე გაზრდილ მოთხოვნას წარმოება მზად ვერ დაუხვდა. პანდემიამდე ჩვენი, ფერმერული მეურნეობების ძირითადი აქცენტი იყო ტურისტულ სეზონზე. პანდემიის გამო ტურიზმი გაჩერდა, მასზე დამოკიდებულმა თევზის ფერმებმა კი შეაჩერეს წარმოება. მიგრანტების შემოსვლის შემდეგ თევზზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რადგან იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი შემოვიდნენ, თევზის მოხმარების კულტურა ძალიან მაღალია. გაზრდილ მოთხოვნას მზად ვერ დავხვდით. ამის გამო მთელი ზაფხული გვიწევდა მეზობელი თურქეთიდან კალმახის იმპორტი“, - თქვა ზემო აჭარაში მოქმედი საკალმახე მეურნეობის „სოფოს თევზის“ დამფუძნებელმა.

მისი თქმით, ქვეყანას თევზის წარმოების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რადგან მთიან ადგილებში გაშენებული თევზის ფერმები განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე თევზს ზრდიან, რაც ტურისტებში დიდ მოწონებას იმსახურებს. დღეს საქართველოში 700-მდე მცირე და საშუალო საკალმახე მეურნეობაა, რომელთა წლიური წარმადობა 10-15 ტონამდეა.

„ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი ჯიშია კალმახი და გადაზრდილი ორაგული. ასევე ძალიან დიდი მოთხოვნაა ზუთხზე. საკალმახე მეურნეობები ძირითადად გაშენებულია ზემო აჭარაში, მთიან მხარეს, რაც მის გემოვნურ მახასიათებელზე აისახება. ამიტომ ჩვენთან წარმოებულ თევზზე მოთხოვნა დიდია. უცხოელებს ხშირად უთქვამთ: თქვენი საწარმოები ბიომეურნეობებია, იმდენად სუფთა და ბუნებრივი პირობები გაქვთ დაცულიო. როცა პატარა მეურნეობებში თევზს ვაშენებთ, ხარისხს გაცილებით კარგად ვიჭერთ, ვიდრე ნორვეგიაში, სადაც 100 000 ტონა თევზი იწარმოება“, - ამბობს სოფო დიასამიძე.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს თევზის იმპორტის მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანაში 8 მლნ დოლარამდე ღირებულების ახალი ან გაცივებული თევზის იმპორტი განხორციელდა, ხოლო 2021-წელს ეს მაჩვენებელი 5 მლნ დოლარი იყო. 13 მლნ დოლარით არის გაზრდილი გაყინული თევზის იმპორტის მაჩვენებელიც - 2022 წელს ქვეყანაში 35 მლნ დოლარის გაყინული თევზი შემოვიდა, ხოლო 2021 წელს 22 მლნ დოლარის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები