Visual Capitalist-ის ინფორმაციით, 2021 წელს მსოფლიო თევზის წარმოებამ - 216,872,258 ტონა შეადგინა. მონაცემების მიხედვით, თევზის ყველაზე დიდი მწარმოებელი ჩინეთი იყო.
ქვეყანამ მსოფლიოს თითქმის 86 მილიონი ტონა თევზი მიაწოდა, ეს კი გლობალური წარმოების 40%-ია. ჩინეთის სათევზაო გემები ზოგჯერ ქვეყნიდან შორს, მაგალითად არგენტინაში ხვდებიან, ზოგჯერ არალეგალურად, თუმცა ასე ქვეყანა მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ცდილობს.
ტოპ მწარმოებლებს შორის აზიის სხვა ქვეყნებიც მოხვდნენ. მაგალითად, ინდონეზია, რომელიც მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი მწარმოებელია. ინდონეზიამ 2021 წელს 21 მილიონ 800 ათასი ტონა თევზი მიიღო.
მესამე ადგილზეა ინდოეთი, რომელმაც მსოფლიოს 14 მილიონ 400 ათასი ტონა თევზი მიაწოდა.
მეოთხე პოზიციას კი აზიის კიდევ ერთი ქვეყანა - ვიეტნამი იკავებს. 2021 წელს ვიეტნამის თევზის წარმოებამ 8 მილიონ200 ათასი ტონა შეადგინა.
ხუთეულს ავსებს სამხრეთ ამერიკაში მდებარე პერუ, 6 მილიონ 700 ათასი ტონა პროდუქტით. ჩამოთვლილი ხუთი ქვეყანა თევზის მსოფლიო მარაგის 60%-ს ავსებენ.
ათეულში ხვდება ჩვენი მეზობელი ქვეყანა რუსეთი. მონაცემების მიხედვით, ის მსოფლიოში თევზის მეექვსე მწარმოებელი ქვეყანაა. რუსეთმა 2021 წელს 5 მილიონ 487ათასი პროდუქტი აწარმოვა.
თევზის მცირე წარმოება აქვს ჩვენს მეზობელ სომხეთს, რომელიც სიაში 136- ე ადგილზეა. ქვეყანამ 19 700 ტონა თევზი მიიღო. 183-ე ადგილზეა მეზობელი აზერბაიჯანი, სულ რაღაც 1 971 ტონა პროდუქტით.
ჩამონათვალში ვხვდებით საქართველოსაც. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში თევზის წარმოების კუთხით 59-ე ადგილზეა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველომ 220 365 ტონა თევზი აწარმოვა.