მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაახლოებით, 10 დღე დაგვჭირდება, რომ გავიგოთ, რა შედეგი მოგვცა ბიზნესების გახსნამ - მინისტრი

602a2d30a97f0
ინგა მურუსიძე
15.02.21 12:17
671
დღეიდან რესტორნების ღია სივრცეები ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა, თუმცა შაბათ-კვირას კვლავ დასვენება მოუწევთ და ასევე, დახურულ სივრცეში ვერ იმუშავებენ, ძალაში რჩება საღამოს მუშაობის შეზღუდვაც.

უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საკითხს გამოეხმაურა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ეს გახსნა პოზიტიურად ჩაივლის და ეპიდვითარებას არ გააუარესებს.

„იმედი გვაქვს, ეს გახსნა იქნება იმის საწინდარი, რომ შემდგომში ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით ვიფიქროთ უფრო სრულყოფილ გახსნაზე. ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან, ამ მუშაობაში ჩართულია თავად სარესტორნო ბიზნესი და ვსაუბრობთ განახლებულ პროტოკოლზე, რაზეც შევჯერდებით, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ შემდეგ ეტაპზე ვიფიქროთ შიდა სივრცეების გახსნაზე. ამას დასჭირდება თავისი მოსამზადებელი პერიოდი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, ის გეგმავს, რომ ახალ პროტოკოლებზე მსჯელობას პირადად დაესწროს შრომის ისნპექციასთან და ბიზნესომბუდსმენთან ერთად, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება. „ვიმსჯელებთ, თუ რამდენად ვართ მზად ვისაუბროთ შიდა სივრცეების გახსნაზე და წარვუდგინოთ საბჭოს ერთობლივი წინადადებები. გარდა ამისა, შეგვეძლება ვისაუბროთ გარე სივრცეების გახსნის პირველ ეტაპზე“, - აღნიშნავს თურნავა.

მინისტრის თქმითვე, რესტორნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ მიმდებარე ტროტუარებისა და ტერიტორიებით უფასოდ სარგებლობის ნებართვა მიეცა.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, "დადებითობის მაჩვენებელი იქნება იმის ინდიკატორი თუ რამდენ ხანში მოხდება რესტორნებზე დაკვირვება".

„დაგვჭირდება ალბათ 1 კვირა, 10 დღე, რომ მივხვდეთ, რა შედეგი მოგვცა დიდი სფეროების გახსნამ, როგორიც არის საქალაქო ტრანსპორტი, სკოლები, ვაჭრობა და ა.შ. სკოლამ გადაადგილების სერიოზული მომატება გამოიწვია; ასევე, ბაზრობებთან გვაქვს შენიშვნები და შრომის ინსპექცია დაჯარიმებებს აწარმოებს. შემდეგი ნაბიჯის თარიღები გვეცოდინება
სწორედ ამ დაკვირვებების შედეგად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ის ბიზნეს სექტორს მიმართავს და მოუწოდებს, დაიცვან ყველა აუცილებელი რეკომენდაცია - მოთხოვნა, რაც თურნავას თქმით, ეკონომიკის გახსნის გარანტი იქნება.

"თითოეული ჩვენგანის ხელშია პასუხისმგებლობაა, თუ რეკომენდაციები შესრულდება, შემდგომი შემსუბუქების თარიღი უფრო მალე დადგება", - განაცხადა თურნავამ.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები