მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაბალი ფასის გამო ბევრ ტენდერზე უარის თქმა გვიწევს” - "ჯეუ გრუპი"

ჯეუ გრუპი

ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები სახელმწიფო ტენდერების ფასწარმოქმნაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, სატენდერო ფასები მოძველებული მეთოდოლოგიით დგინდება, რის გამოც ხშირად კომპანიებს ფინანსური პრობლემები ექმნებათ, შედეგად, პროექტები უხარისხოდ სრულდება.

კომპანია "ჯეუ გრუპის" დირექტორი გიორგი თავართქილაძე აცხადებს, რომ დამკვეთი კომპანიების მხრიდან შემოთავაზებულ ფასში ხშირად არ არის ასახული შრომის უსაფრთხოების, საინჟინრო გადაწყვეტილებების და მობილიზაციის ხარჯები, რისი გადახდაც კომპანიებს მოგების შემცირების ხარჯზე უწევთ.

“ეს არის მობილიზაციისა და დემობილიზაციის ხარჯები, საინჟინრო გადაწყვეტილებების ხარჯები. უსაფრთხოების ნაწილი აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული და კომპანიებს, რომლებსაც უსაფრთხოებაზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, პრაქტიკულად თავისი მოგებიდან უწევთ ამ ხარჯების დაფარვა.

თვითონ განფასების ნაწილიც დღეს არის არა საბაზრო კვლევებზე დაყრდნობილი, არამედ 1984 წელს დადგენილი ნორმატივებით, სნიპებით და ხშირ შემთხვევაში ფასები არის ძალიან არაადეკვატური. ძალიან ბევრ ტენდერზე ჩვენ მაგალითად უარის თქმა მოგვიწია იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 20-25%-ით აღემატება თვითღირებულება თვითონ სატენდერო ფასს”, - აცხადებს გიორგი თავართქილაძე.

თავართქილაძის თქმით, პროცესებში მხოლოდ დამკვეთების ბრალეულობა არ იკვეთება, საკითხის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა სექტორშიც.

მისი განმარტებით, იმ ტენდერებში, სადაც არარეალურად დაბალი ფასებია დამკვეთის მხრიდან შეთავაზებული და ხშირად ამ ფასად სამუშაოების შესრულება წარმოუდგენელია, კომპანიები მაინც იღებენ მონაწილეობას, ფორმდება ხელშეკრულებები, თუმცა ბიზნესი პროექტს ან ვერ ასრულებს, ან ასრულებს ფინანსური ზარალით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები