მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალი, მაგრამ მზარდი ინფლაცია - Fitch-ის პროგნოზი

ინფლაცია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი საქართველოში დაბალ, მაგრამ მზარდ ინფლაციას ელის და მიაჩნია, რომ 2024-2025 წლებში საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იქნება.

საქართველოს რეიტინგის განახლებულ შეფასებაში აღნიშნულია, რომ Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3.8%-მდე და 2025 წლის ბოლომდე 4.1%-მდე გაიზრდება, რაც ნაწილობრივ ლარის გაუფასურების გავლენას ასახავს.

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც ამჟამად 8%-ია, Fitch-ი ელის, რომ მონეტარული პოლიტიკა შედარებით მკაცრი იქნება 2025 წლის ბოლომდე. სააგენტო აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაცემას აფერხებს დოლარიზაციის შედარებით მაღალი დონე.

ამასთან, Fitch-ის პროგნოზია, რომ შენარჩუნდება ძლიერი ეკონომიკური ზრდა. სააგენტო 2024 წელს 5.8%-იან ზრდას ელის, ხოლო 2025-26 წლებში საშუალოდ 5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც გამოწვეულია შიდა მოხმარებით, ასევე კერძო და საჯარო სექტორის ინვესტიციებით. სააგენტო მიუთითებს, რომ წინა პერიოდში ძლიერი ზრდა მიგრანტების ეფექტით იყო განპირობებული.

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო იქნება. მარეგულირებლის თანახმად, თუკი დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას დაუბრუნდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები