მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალი მოთხოვნის გამო, Apple-მა iPhone 14-ის წარმოების ზრდის გეგმაზე უარი თქვა

63341a32d67f9
გიორგი თოლორდავა
28.09.22 13:47
2941
უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში ამჟამად პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნის გამო, Apple-მა iPhone 14-ის წარმოების ზრდის გეგმაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-ის მთავარმა კონტრაქტორმა კომპანიებმა - Foxconn-მა და TSMC-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეტყობინება უკვე მიიღეს.

საქმე იმაშია, რომ Apple-ის ანალიტიკოსები iPhone 14-ზე მოთხოვნის ზრდას მოელოდნენ და სწორედ ამისთვის კომპანიამ წლიური წარმოების დამატებით 12 მილიონი ერთეულით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა წინასწარი შეკვეთების სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ Apple-ის ახალ ფლაგმანზე მოთხოვნა იმაზე გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ამას კომპანიის წარმომადგენლობა მოელოდა.

ექსპერტების შეფასებით, სმარტფონებზე დაბალი მოთხოვნა გლობალური მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესებითაა განპირობებული. მაღალი ინფლაციისა და სამომხმარებლო ხარჯების მკვეთრად ზრდის ფონზე, პოტენციურ მომხმარებელთა ნაწილი ახალი iPhone-ის შეძენისგან თავს იკავებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რუსეთისა და უკრაინის მასშტაბით Apple-ის პროდუქციის რეალიზაციის შეზღუდვის საკითხიც, რაც, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება გაყიდვებზე.

გარდა ამისა, ხაზგასასმელია ისიც, რომ ახალმა iPhone 14-მა ექსპერტების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ის ტექნიკური მახასიათებლებით პრაქტიკულად არ განსხვავდება წინამორბედი iPhone 13-ისგან, რაზეც შეკვეთების დაბალი მაჩვენებელიც მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის პრემიუმ-სერია აღნიშნული პრობლემის წინაშე არ დგას - წელს iPhone 14 Pro და Pro Max-ზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ კი რეგულარულ მოდელსაც გადაუსწრო, რომელიც Pro-სთან შედარებით 200 დოლარით იაფია. როგორც ჩანს, გაუმჯობესებული ეკრანის, კამერების, პროცესორისა და Dynamic Island-ის სანაცვლოდ მომხმარებელი შედარებით უფრო მაღალი საფასურის გადასახდელადაც არის მზად.  

მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კომპანია 90 მილიონი ერთეული სმარტფონის წარმოებას გეგმავს, ნაცვლად 96-ისა. ბუნებრივია, ზემოხსენებული სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს - საფონდო ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე Apple-ის აქციების ღირებულება თითქმის 4%-ით შემცირდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები