"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმით დადასტურდა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა სპეკულაციას, როდესაც მას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებდნენ. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
"როცა ხდებოდა კონკრეტული ტიპის დანაშაულების ჩადენა, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ამ საქმეების პოლიტიზებას და ასეთი უამრავი საქმე გვახსოვს. იყო ისეთი დანაშაულებრივი საქმეები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში პოლიტიკასთან, თუმცა აქაც კი ახერხებდნენ სპეკულაციებს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამ მაგალითზეც დაადასტურა იმ მოვლენებმა, რომლებიც განვითარდა. გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, დანარჩენი იყო, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების საქმე. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში",- ამბობს კობახიძე.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი CEO გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია - ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ გუშინ გააკეთა. უწყების თანახმად, ბაჩიაშვილმა "სრულად აანაზღაურა ზიანი" და აღიარა ბრალი. ასევე მორიგება შედგა სამოქალაქო საქმეზე, რომელშიც მხარე იყო ბიძინა ივანიშვილი და მის ფარგლებში ბაჩიაშვილს ივანიშვილი 9000 ერთეული ბიტკოინის (მიმდინარე ფასი 606 მილიონი დოლარი) გადახდას ედავებოდა.
9000-მდე ბიტკოინი - რას ედავებოდა ივანიშვილი ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე




























