მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DADE - ქართული აპლიკაცია ონლაინვაჭრობის გამარტივებისთვის

5ea86d1b93877
ნუცა ბაზლიძე
28.04.20 20:40
3960
ქართული აპლიკაცია DADE, რომელიც 2020 წელს ამოქმედდა, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაყიდონ, იყიდონ ან გააჩუქონ სხვადასხვა ნივთი. როგორც აპლიკაციის იდეის ავტორი თეა ქრისტესიაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, ამ ეტაპზე, აპლიკაცია მომხმარებელს სასურველი ნივთის პოვნასა და შეძენას 15-მდე ფუნქციით უადვილებს.

„აპლიკაციის მთავარი იდეაა მომხმარებლები ერთმანეთთან დააკავშიროს, ფუნქციონალში ჩაშენებული მესენჯერის დახმარებით კი შესაძლებლობა მისცეს, თავად შეთანხმდნენ ფასზე, ნივთის გადაცემის დროსა თუ სხვა დეტალზე. რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელი ქმნის ერთგვარ მინი მაღაზიას. ნივთისთვის ფოტოს გადაღება კი აპლიკაციითვე არის შესაძლებელი” - აღნიშნავს თეა ქრისტესიაშვილი.

ამასთან, მისივე განმარტებით, ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა ჰეშთეგის და კატეგორიის მითითება, Google map-ზე ლოკაციის მონიშვნა, შეფასებისა და გამოწერის ფუნქცია, უზრუნველყოფს აპლიკაციის იდეის განხორციელებას.

როგორც გავარკვიეთ, DADE თეა ქრისტესიაშვილმა და თიკო კობახიძემ ქართულ IT კომპანია Lemondo-ს გუნდთან ერთად შექმნეს, მისი ფუნქციონირების პროცესში კი 10-მდე ადამიანია ჩართული.

როგორც თეა ქრისტესიაშვილი აღნიშნავს, კორონავირუსის ფონიდან გამომდინარე, DADE-მ ახალი კამპანია წამოიწყო - #დადესანამსახლშიხარ.

„მომხმარებელს ვურჩევთ, საკუთარ პროფილზე შეაგროვონ გასაყიდი და გასაჩუქებელი ნივთები, მომავალში გადაცემის პერსპექტივით. ამ პერიოდში, საშუალოდ, აპლიკაციის გადმომწერთა და რეგისტრირებულთა რიცხვი 30%-მდე გაიზარდა“, - განმარტავს თეა ქრისტესიაშვილი.

ცნობისთვის: როგორც გავარკვიეთ, აპლიკაცია უფასოდ არის ხელმისაწვდომი ყველა სმარტფონის მფლობელისთვის და მისი გადმოწერა უკვე შესაძლებელია როგორც Andrioid-ის, ასევე, iOS-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციას ყოველდღიურად, საშუალოდ, 200-250 ადამიანი იწერს, ჯამში კი, მას 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები