მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დადებითი ფინანსური შედეგების მიუხედავად, JPMorgan-ის შეფასება მაინც დაეცა – რატომ?

JPMorgan

პლანეტის უმსხვილესმა ბანკმა 2025 წლის IV კვარტალის ფინანსური შედეგები წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ JPMorgan Chase-მა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, ბირჟაზე ბანკის აქციები მაინც 4%-ით დაეცა.

ეს კლება ძირითადად განპირობებულია 2026 წლის ხარჯების პროგნოზით, რომელმაც ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია. ბანკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ წელს საოპერაციო ხარჯები 105 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს მანამდე ნავარაუდებ 101 მილიარდს.

ხარჯების ზრდა ტექნოლოგიურ ინვესტიციებთან, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან და ახალ ფილიალებში კაპიტალდაბანდებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ბაზარზე ნეგატიურად იმოქმედა საინვესტიციო საბანკო მომსახურებიდან მიღებული საკომისიოს 5%-იანმა კლებამ და თეთრი სახლის გეგმამ საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, რაც ბანკისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, JPMorgan-ის შედეგები ასე გამოიყურება:

შემოსავალი: $46.77 მილიარდი (მოსალოდნელ $46.2 მილიარდზე მეტი).
მოგება თითო აქციაზე: $5.23 (მოსალოდნელ $5.01-ზე მეტი).
წმინდა მოგება: $13.03 მილიარდი, რაც წლიურად 7%-ით ნაკლებია.
წმინდა საპროცენტო შემოსავალი: $25.1 მილიარდი, რაც 7%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა ინვესტორები გეოპოლიტიკური რისკებისა და ინფლაციური წნეხის შესაძლო შენარჩუნების შესახებ გააფრთხილა, რაც ასევე ნეგატიურად აისახა ბაზრის განწყობაზე.

კლების მიუხედავად, JPMorgan-ი მაინც მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს საბანკო კომპანიების რეიტინგში და მისი საბაზრო შეფასება $855 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები