მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის პლანეტის ყველაზე გავლენიანი ბანკირის წარმატების საიდუმლო?

ჯეიმი დაიმონი

პლანეტის ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ბანკირი, უდავოდ, ჯეიმი დაიმონია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს საბანკო-საფინანსო ჰოლდინგს, JPMorgan Chase-ს ხელმძღვანელობს.

მისი 20-წლიანი მმართველობის პერიოდში, JPM-ის საბაზრო შეფასებამ 900 მილიარდ დოლარს მიაღწია და როგორც იტყვიან, ის ბანკების ბანკად იქცა. კომპანიის ასეთ წარმატებას ექსპერტები სწორედ დაიმონს მიაწერენ, რომელმაც JPM აუღებელ ციხესიმაგრედ და უოლ-სტრიტის ტიტანად აქცია.

ჯეიმი დაიმონის წარმატება არ არის შემთხვევითობა ან ერთი კონკრეტული იღბლიანი გარიგების შედეგი. ეს არის თითქმის ოცი წლის განმავლობაში გატარებული მკაცრი, დისციპლინირებული მართვის სტილის ნაყოფი, რომელიც დაუნდობელი სიმტკიცისა და ყოველი დეტალის მიმართ ყურადღების დათმობის პრინციპს ეფუძნება.

მისი ფილოსოფიის მიხედვით, წარმატებული ბანკირის ან ბიზნესმენის მთავარი იარაღი არა საიდუმლო რეცეპტი, არამედ საკუთარი შეცდომების სწრაფი აღიარების და კურსის მყისიერი ცვლილების უნარია. დაიმონი თვლის, რომ ლიდერობის არსი საუკეთესო ადამიანების პოვნაში და მათთვის მოქმედების თავისუფლების მიცემაშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავად ის არასოდეს კარგავს კონტროლს იმ წვრილმან დეტალებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, დიდ სურათს ქმნიან.

მისი აზრით, წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი ბიუროკრატიასთან შეგუება და გადაწყვეტილებების დაგვიანებაა. დაიმონი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ფულის დაკარგვაზე მეტად მას ადამიანური რესურსების არასწორად მართვა აწუხებს. მისი თქმით, ეს სტარტაპული მიდგომა JPMorgan-ს საშუალებას აძლევს, იყოს ისეთივე მოქნილი, როგორიც პატარა ფინტექ-კომპანია, მიუხედავად მისი გიგანტური მასშტაბებისა და კომპლექსურობისა.

დისციპლინასთან ერთად, დაიმონის წარმატების განუყოფელი ნაწილი ტექნოლოგიური აგრესიაა. როგორც ის ამბობს, JPMorgan-ი არ ელოდება ცვლილებებს, არამედ ის თავად უდგას მათ სათავეში. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი JPM-ის მართვის სქემაში არა უბრალოდ დამხმარე ინსტრუმენტი, არამედ სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც მენეჯმენტის მაგიდასთან საკუთარი ადგილი უჭირავს და სტრატეგიულ რეკომენდაციებსაც გასცემს. ამასთან, AI-ის აქტიურად იყენებენ ბანკინგის, ფინანსური მოდელების დამუშავების, ინვესტირების, ტრეიდინგისა და რისკების შეფასების პროცესში.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დაიმონმა ისიც აღნიშნა, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს სათანადოდ არ გამოიყენებს, JPMorgan-ში ვერ დარჩება, რადგან ეს კომპანია მუდმივ, შეუჩერებელ ტექნოლოგიურ პროგრესზე დგას, ამიტომაც არ თმობს ის პირველობას და ამიტომაც ვერ შეძლეს კონკურენტებმა 155 წლის წინ დაფუძნებული კომპანიის დამარცხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები