უმსხვილესმა ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan-მა S&P 500 ინდექსის 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 7,600-მდე გაზარდა, რაც ბოლოს დაფიქსირებულ მონაცემთან შედარებით 7%-იან ზრდას გულისხმობს.
პროგნოზის გადახედვა ტექნოლოგიურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა მაღალმა მოგებამ და აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ განაპირობა, რამაც ბაზარზე გეოპოლიტიკური დაძაბულობა შეამცირა. ბროკერებმა ასევე გაზარდეს ინდექსში შემავალი კომპანიების წლიური მოგების პროგნოზი თითო აქციაზე $315-დან $330-მდე, ხოლო 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი $385-ით განისაზღვრა.
ბანკის ანალიტიკოსების განმარტებით, Anthropic-ის ახალმა მოდელმა Claude Mythos-მა ხელოვნური ინტელექტის სექტორში ოპტიმისტური განწყობა კიდევ უფრო გააძლიერა.
JPMorgan-ის შეფასებით, მიუხედავად მოსალოდნელი მოკლევადიანი კონსოლიდაციის ფაზისა, ამერიკული საფონდო ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალური ინვესტორებისთვის მაინც ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. ამას განაპირობებს ინოვაციების მაღალი ტემპი, ზრდის სტაბილური მაჩვენებლები, უძლიერესი ჯარი, უოლ-სტრიტის გავლენა და კაპიტალის უკუგების მაღალი მაჩვენებელი.
ექსპერტების პროგნოზით, თუ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი სწრაფად და საბოლოოდ მოგვარდება, S&P 500 ინდექსმა წლის ბოლომდე შესაძლოა 8,000-იან ნიშნულსაც მიაღწიოს. ა
შეგახსენებთ, რომ S&P 500 წარმოადგენს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტული 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად მიიჩნევა. თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ S&P 500 პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი საფონდო ინდექსია.




























