მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დადებითი მოლოდინები გვაქვს” - რა გავლენა აქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ხორბლის/ფქვილის ბაზარზე?

ფქვილი

ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა, ფქვილის ფასი შემცირებულია და უახლოეს თვეებში პურის გაძვირების საფრთხე არ არსებობს - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით გარკვეული ლოგისტიკური გადალაგება ხდება მსოფლიოში და ეს შეეხო ხორბალსაც და შავ ზღვაზე გადაზიდვები გააძვირა, ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოში ხორბლის ძირითადი ნაწილი სახმელეთო გზით შემოდის, რაც ლოგისტიკური ხარჯების დრამატულ ზრდას არ იწვევს.

მისი თქმით, რუსეთი რჩება ხორბლის მთავარ მომწოდებლად. საწყისი "შოკური" გაძვირების შემდეგ ფასები დასტაბილურდა. მოლოდინი დადებითია, რადგან დაახლოებით 2 თვეში იწყება ახალი მოსავლის აღება როგორც რუსეთში და უკრაინაში, ისე საქართველოში, რაც ისტორიულად ბაზარზე ფასების კლებას ან სტაბილურობას იწვევს. მისი თქმით, ხორბლის მცირე გაძვირება პურის ფასზე გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოში ფქვილის ფასი ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში 6-7 ლარით შემცირდა.

“რეალურად გადალაგება ხდება მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში ის ფუფუნება, რომ სახმელეთო გზით შემოდის ჩვენთან ხორბალი და 40-დან 55 დოლარამდე გაძვირება, რაც შავ ზღვაზე არის ფიქსირებული [ჩვენ ძირითადად არ გვეხება]. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასი იცვლება უფრო ხორბლის ფასის ცვლილებიდან გამომდინარე და ნაკლებად ლოგისტიკიდან გამომდინარე, რადგან ძირითადად ხორბლის შემოტანა დღეისათვის ხდება სახმელეთო გზით.

რუსეთში შეიცვალა ფასი ხორბალზე, მაგრამ ეს იყო შოკური ეფექტი, რომელიც უკავშირდებოდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს. დღეს სტანდარტულად ფასი დგას იმ ნიშნულზე, არც იყო დაახლოებით ორი კვირის წინ. აქედან გამომდინარე, მოლოდინები გვაქვს კიდევ უფრო დადებითი ამ მხრივ რუსეთიდან და მათ შორის რეგიონალურად, იმიტომ რომ სულ ახლო მომავალში იწყება ხორბლის მოსავლის აღება მათ შორის რუსეთში (დაახლოებით თვენახევარ-ორ თვეში), უკრაინაში, თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში, შავი ზღვის რეგიონში და მათ შორის საქართველოში. შესაბამისად, ისტორიულად ამ დროს ხდება ხოლმე დაწოლა ფასებზე, შესაბამისად ფასების სტაბილურობას ველოდებით უფრო მეტად.

კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ საქართველოში დაიწყო ფქვილის ფასის კლება. 58-60 ლარი იყო ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი, რაც დღეს ჩამოსულია 53-54 ლარამდე. ეს სტაბილიზაციის ფაქტორია და ხორბლის მცირე გაძვირების შემთხვევაშიც ეს გაძვირება არ იქნება ისეთი დრამატული, რომ გარკვეულწილად ამან სერიოზულად იმოქმედოს, მათ შორის ფქვილის და შემდგომ უკვე პურის ბაზარზე.

ასევე, რუსეთი ხორბლის საკმაოდ დიდ ნაწილს — 3 მილიონ ტონას — ყიდის სეზონის განმავლობაში ირანში და ყურის ქვეყნებში ყიდის კიდევ მილიონ-ნახევარს, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. თუ კონფლიქტი გაგრძელდა და შეფერხდა ლოგისტიკა, თავისთავად ცხადია, ესეც ბაზარზე დაწოლას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში წინასწარი პროგნოზებით ვფიქრობ, რომ სტაბილიზაცია ხორბლის ბაზარზე იქნება და შესაბამისად, უახლოესი თვეების განმავლობაში სანერვიულო ჩვენ არ გვექნება”,-აცხადებს ლევან სილაგავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები