მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადგა დრო, ქართულმა საჯარო სამსახურმა არავის მისცეს უფლება, საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს - მოსაზრება

ლევან ნატროშვილი
22.04.24 22:45
216

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, იურისტი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ "დროა ქართულმა საჯარო სამსახურმა არავის მისცეს უფლება, საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს".

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, 29 აპრილს ხელისუფლება პოლიტიკური მიზნის მიღწევას საჯარო მოსამსახურეების ხარჯზე აპირებს.

"ძვირფასო საჯარო მოსამსახურეებო, ვიცით, რომ ყველა ხელისუფლება ცდილობდა, საარჩევნო და პოლიტიკური აქციებისთვის გამოეყენებინა თქვენი რესურსი, ხშირად თქვენი ნების საწინააღმდეგოდ. მეც ვყოფილვარ საჯარო მოხელე, ბოლო 12 წელი კი ყველა არჩევნებს ვაკვირდები და ბევრი ასეთი ისტორია მომისმენია. აი, ახლაც 29 აპრილს ისევ თქვენს ხარჯზე აპირებს ხელისუფლება პოლიტიკური მიზნის მიღწევას.

თუმცა, ახლა მართლა სხვა სიტუაციაა, ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია, ეს აქცია ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უპირისპირდება, იმ მომავალს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობასაც სურს საკუთარი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. ამას მოწმობს ათეულობით განცხადება ჩვენი პარტნიორებისგან და ამდენი ადამიანის უწყვეტი პროტესტი.

მგონი, დადგა დრო, ქართულმა საჯარო სამსახურმა საკუთარი სიტყვა თქვას და არავის მისცეს უფლება, ამ ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებული საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს.

ამდენი ხალხის ერთობას და სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ერთად თუ ავიმაღლებთ ხმას, ვერავინ დაგვამარცხებს. არ შეიძლება, ქუჩაში გამოსულ ამდენ ახალგაზრდას ვიღაც თქვენით ებრძოლოს.
რატომღაც მჯერა, რომ ორშაბათს რუსთაველის გამზირზე რომ დადგებით, კარგად გამოჩნდება, რეალურად ვინ დგას ისტორიის სწორ და არასწორ მხარეს", - წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 29 აპრილს აქციის გამართვას აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები