აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრა დღეს დილით 11:00 საათზე დაიწყო და 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დღის განმავლობაში აუდიენცია ჩანიშნულია ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც.
როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი გადაცემა “საქმის კურსში” აცხადებს, შესაძლოა შეხვედრებზე იყოს საუბარი მათ შორის მოსალოდნელ შეზღუდვებზე და სანქციებზე, რომ ამ გზით მაინც შეძლონ ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღება. მისი თქმით, დღეს მმართველმა პარტიამ თავის საწყის პოზიციასთან შედარებით პოზიციები შედარებით შეარბილა, თუნდაც იმის განცხადებით, რომ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ განხილვების ფანჯარა იქნება.
“შეიძლება საუბარი იყოს გარკვეულ ნაბიჯებზე, როგორიც არის სანქციები ან შეზღუდვები, რათა კიდევ ერთხელ შეაცვლევინონ გადაწყვეტილება ამ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. წინასწარ რთულია რომ ვთქვათ, რა შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ის ნიშნები, რაც ახლა ამ ეტაპზე გვაქვს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე, თუმცა გარკვეულ კომპრომისებზე მზაობა ჩვენ დავინახეთ იმ ნაწილში, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი თუ ვეტოს დაადებს კანონს, შეიძლება მათ არ გადალახონ ვეტო. ისინი თავიანთ საწყის პოზიციებთან შედარებით უფრო მოტეხილები არიან, თუმცა მაინც მყარად დგანან. აუცილებელია, ბერკეტები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების მხრიდან, ისე ქვეყნის გარეთ”, - ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი.
ლევან ნატროშვილის თქმით, პროცესები როგორ განვითარდება, რთული სათქმელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ვეტოს დადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია იყოს მკაფიო, რომ უნდა მოხდეს არსებული რედაქციის გაწვევა, რადგან ის აზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს.
“ეს პოლიტიკური პროცესები, თუმცა მისი განვითარების პროგნოზირება რთულია. პრეზიდენტისგან ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ ის არ აპირებს შევიდეს ამ კანონის გალამაზების პროცესში. ჩვენი პოზიციაც ეს არის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისაც მათ შორის, რომ ეს კანონი არც თავისი მიზნით და შინაარსით არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და მთლიანად გასაწვევია. იმედია, რომ პრეზიდენტი იდგება ამ პოზიციაზე და არ მისცემს საშუალებას მმართველ პარტიას, რომ რაღაც სახით მიიღოს ეს კანონი”, - აცხადებს ლევან ნატროშვილი.