მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაეხმარა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დაარტყა სამშენებლო კომპანიებს - მირცხულავა არმატურის იმპორტის გადასახადზე

გიორგი მირცხულავა

საქართველოში 2026 წლის 1 მარტამდე არმატურის იმპორტის გადასახადი მოქმედებს. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი იმპორტის გადასახადის შემოღებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ მიზანი გადაწყვეტილების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა იყო, თუმცა დაზარალდა სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ამ პროდუქტის მთავარი მომხმარებელია.

კომპანია "ბემონის" მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ იმპორტირებული არმატურა გაძვირდა, ადგილობრივ ბაზარზე კი შესაბამისი რაოდენობის პროდუქციის მოძებნა გართულდა.

“მიმაჩნია, რომ არმატურის იმპორტზე გადასახადის შემოღება არასწორი სვლა იყო. ქართულ წარმოებას მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ თუ რაღაც გადასახადს შემოვიღებთ, რომ ქართული წარმოება დავიცვათ, რომელიც სულ რომ 100%-იანი დატვირთვით მუშაობდეს, ბაზარს ვერ აკმაყოფილებს ვერანაირად, პრობლემაა.

ფაქტობრივად ეს გადასახადი დაეხმარა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დაარტყამს სამშენებლო კომპანიებს იმ კუთხით, რომ უცებ გაგვეზარდა გადასახადის გამო პროდუქტის თვითღირებულება. მეტიც, იმპორტის ალტერნატივაც არ იყო იმიტომ რომ ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას.

ვფიქრობ, უფრო მეტი დიალოგი კარგი იქნებოდა ბიზნესთან, რომ ადგილობრივ წარმოებას რა თქმა უნდა ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ სამშენებლო ბიზნესსაც პრობლემა არ შევუქმნათ.

მე რაც გამიგია, პრობლემა ბევრ სამშენებლო კომპანიას შეექმნა სახელმწიფო პროექტებში. სახელმწიფომ შემოიღო გადასახადი, დაიცვა ადგილობრივი წარმოება, ამ დროს კი მშენებელს ამ გადასახადის გამო პროექტი გაუძვირდა და ეს გაძვირება სახელმწიფო კონტრაქტში არ ასახა ინდექსაციით და პრობლემა შეიქმნა. აუცილებელია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა. აი როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს - ეგ სხვა საკითხია.”- ამბობს კომპანია ბემონის მმართველი პარტნიორი.

არმატურის იმპორტი ბოლო ერთ წელიწადში 40%-ით შემცირდა. იმპორტიორი არმატურის საქართველოში შემოტანისას 1 ტონაზე 420 ლარს იხდის. თუ 2025 წლის განმავლობაში საქართველომ 126 მილიონ 215 ათასი დოლარის ღირებულების 223 145 ტონა არმატურა შეიძინა, 2024 წელს 212 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყო შესყიდული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები