აშშ-ის მთავრობამ ე.წ. შათდაუნი (მთავრობის მუშაობის შეჩერება, ფედერალური სააგენტოების მიერ მუშაობის შეწყვეტა) თავიდან აიცილა - სენატმა რესპუბლიკური პარტიის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის მომდევნო 6-თვიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.
მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს მხარი 54-მა სენატორმა, მათ შორის ორმა დემოკრატმა დაუჭირა. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ხელი დონალდ ტრამპმა 21 მარტამდე უნდა მოაწეროს.
მიღებული კანონპროექტი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული სამთავრობო დაფინანსების დონეებს თითქმის უცვლელად ტოვებს, თუმცა ვხვდებით კრიტიკულ განსხვავებებსაც: აშშ-ის სამხედრო დაფინანსება, რაც სასაზღვრო უსაფრთხოებას, ვეტერანთა ჯანდაცვასა და სხვა საჭიროებებს ფარავს, $6 მილიარდით გაიზარდა, არასამხედრო ფინანსები კი - $13 მილიარდით შემცირდა.
არსებობდა ვარაუდი, რომ ახალი კანონპროექტი ვაშინგტონის ფედერალურ ბიუჯეტს $1 მილიარდით შეამცირებდა, თუმცა სენატმა დამოუკიდებელი კანონპროექტიც მიიღო, რომლის ამოქმედებითაც ვაშინგტონის საოპერაციო ბიუჯეტი უცვლელი დარჩება.




























