"რუსული კანონის" წინააღმდეგ შექმნის გვერდზე "დაფიონი" ინფორმაცია ვრცელდება, სადაც ორგანიზატორები პროტესტანტებს მოუწოდებენ, რომ 28 მაისს ყველა მზად იყოს ნებისმიერ დროს აქციაზე გასასვლელად.
"დღეს 9 საათზე, საკომიტეტო სხდომაზე "რუსულმა ოცნებამ" ვეტო დაძლია. ხვალ, 28 მაისს არის პლენარული მოსმენა და გადამწყვეტი დღე ვეტოს დაძლევად. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ ხვალისთვის თუ კი რამე გაქვთ დაგეგმილი გადადოთ სამომავლოდ, რომ ხვალ დილიდანვე იყოთ მზად დღის ნებისმიერ მონაკვეთში აქციაზე მოსასვლელად.
ახლა არის ფორსმაჟორული პერიოდი და ყველა ჩვენგანისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსული კანონის ჩაგდება, ამიტომ გთხოვთ ყველას, რომ ხვალისთვის იყოთ მზად. ხვალინდელი აქციის ანონსი მალე დაიდება. ამ ეტაპზე, ვერთიანდებით ყველანი: აქტივისტები, NGO-ები, პარტიები, სამოქალაქო სექტორები და სრულიად ერი. დღეს უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი აქციისთვის. იმისათვის, რომ საქართველოში არ გაფორმდეს რუსული რეჟიმი და ამდენი ბრძოლა წყალში არ ჩაგვეყაროს. ამიტომ, მეგობრებო გთხოვთ დღეს იყოთ ყურადღებით, თვალი ადევნოთ: კრიტიკულ მედიებს, აქტივისტების გვერდებს, NGO-ებს, პარტიებს და სამოქალაქო სექტორებს. ახლა, მხოლოდ ერთიანობის და სიმტკიცის დროა. ყველაფერ დანარჩენს კი "რუსული კანონის" ჩაგდების შემდეგ მოვაგვარებთ",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საპროტესტო შეკრება 28 მაისს, პარლამენტთან 17:00 საათზეა დაგეგმილი.