საკვებისა და პროდუქტების მიტანის ევროპულმა გიგანტმა Glovo-მ რეკორდი დაამყარა და გლობალურად მილიარდი შეკვეთა შეასრულა. Glovo ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური სტარტაპია, რომელიც ოსკარ პიერმა და საშა მიშომ ბარსელონაში 2015 წელს დააფუძნეს. მას შემდეგ, Glovo-ს ყვითელი ჩანთებით აღჭურვილი კურიერები მსოფლიოს მოედვნენ. დღეს Glovo-ს სერვისები ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ოცდასამი ქვეყნის 2,000-ზე მეტ ქალაქში არის ხელმისაწვდომი, რასაც კომპანიის მიერ დასაქმებული 3,000 თანამშრომელი, 160,000 პარტნიორი ობიექტი და 200,000 კურიერი უზრუნველყოფენ.
რამდენიმე წლის წინ, Glovo-ს საკონტროლო პაკეტი მიტანის სერვისის გერმანულმა გიგანტმა, Delivery Hero-მ შეიძინა – ამ გარიგების შედეგად, რომელიც €2.3 მილიარდად შეფასდა, Glovo ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად იქცა. Delivery Hero $10.7 მილიარდად შეფასებული საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კონკრეტულად რა შემოსავალს აგენერირებს ესპანური კომპანია უცნობია, მაგრამ, როგორც Delivery Hero-ს უახლეს ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, Glovo სწრაფად იზრდება და სავარაუდოდ, მომდევნო წლებში მოგებაზე გავა.
ესპანური კომპანიის მიერ დამყარებულ რეკორდს სოციალურ ქსელში Glovo-ს თანადამფუძნებელი, საშა მიშო გამოეხმაურა. ანტრეპრენიორის შეფასებით, შედეგი კარგია, მაგრამ კომპანია აქ არ ჩერდება და ათი მილიარდი შეკვეთის შესრულებას გეგმავს.
“დღეს, Glovo-ს მიერ შესრულებული შეკვეთების რაოდენობამ ერთ მილიარდს გადააჭარბა, რაც შესანიშნავია! ოსკარ პიერს პირველად რომ შევხვდი, რაც დაახლოებით ათი წლის წინ იყო, ასეთ რამეს ვერასდროს ვიფიქრებდი, რადგან ზრდას ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვებოდით. პირველი შეკვეთა, სხვათა შორის, ოთხ თვეში, 2015 წლის მარტში მივიღეთ… ეს გზა არ იყო მარტივი, ბევრი კარგი და ცუდი პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ამ პროცესში მუდამ ვსწავლობდით. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ჯერაც პატარები ვართ, ხოლო Glovo ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში იმყოფება, რადგან ჩვენი შემდეგი მიზანი ათი მილიარდი შეკვეთის შესრულებაა! მადლობა ასობით ათას კურიერსა და პარტნიორს, მილიონობით მომხმარებელს და, რა თქმა უნდა, ჩვენს შესანიშნავ გუნდს, ძველ და ახალ თანამშრომლებს, რადგან ეს მათ დახმარებით შევძელით”, - წერს Glovo-ს თანადამფუძნებელი, საშა მიშო LinkedIn-ზე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Glovo-მ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე წარმოადგინა. სულ მალე, Glovo-ში TikTok-ისა და Instagram Reels-ების მსგავსი ვერტიკალური ვიდეოები, Spotify-ის მსგავსი საკვების ფლეილისტები და სოციალური მედიის სხვა ფუნქციონალი გამოჩნდება. რამდენიმე თვის წინ, Glovo Next-ის შესახებ კომპანიის ტექნოლოგიურმა დირექტორმა, შირო ტეურიმ TECH INFORM-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, Glovo სოციალურ ქსელად გადაკეთებას არ გეგმავს, მაგრამ აპლიკაციაში, დროთა განმავლობაში, სოციალური ქსელების ნაცნობი ფუნქციონალი დაემატება.