მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგჭირდებათ თუ არა საბავშვო ანაბრიდან თანხის გამოსატანად სასამართლოს ნებართვა? - განმარტება

5f4e542406994
შოთა ტყეშელაშვილი
01.09.20 18:18
1392
დასჭირდებათ თუ არა მშობლებს მათი შვილის სახელზე არსებული საბავშო ანაბრიდან თანხის გამოსატანად სასამართლოსთვის მიმართვა? - ამ საკითხის შესახებ დღეს განმარტება  ბავშვის უფლებათა კოდექსის ავტორებმა გააკეთეს. დეპუტატები ერთხმად აცხადებენ, რომ მათ მიერ კანონში გაკეთებული ჩანაწერი, იმის თაობაზე, რომ მშობლებს ბავშვის საკუთრებაში არსებული 1000 ლარზე მეტი უძრავ/მოძრავი ქონების განსაკარგავად სასამართლოს ნებართვა დასჭირდებათ, საბანკო ანგარიშებზე არ ვცრელდება. 

კოდექსში არსებული ეს ჩანაწერი ძალაში დღეს შევიდა, რის გამოც ზოგიერთმა ბანკმა მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ 1 სექტემბრიდან მათი შვილის საკუთრებაში არსებული საბავშვო ანაბრის განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნებოდა შესაძლებელი.

საბანკო სექტორის მიერ გაკეთებულ ინტერპეტაციას კი ეწინააღმდეგებიან თავად ამ კანონის ავტორები, რისთვისაც მათ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას წერილი გაუგზავნეს. 

დეპუტატების განმარტება საბავშვო ანაბრებთან დაკავშირებით:

თქვენი 2020 წლის 27 აგვისტოს N2-14/2624 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების სოფო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურის და მამუკა მდინარაძის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი №07-3/282. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, რომლის თანახმად კოდექსის 186-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“.

აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენდა ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-19 მუხლით განმტკიცებული უფლების პრაქტიკული რეალიზების მექანიზმის შემუშავება. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილება პირდაპირ მითითებას აკეთებს, რომ შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ბავშვის საკუთრებაში არსებული „მოძრავი“ და „უძრავი“ ნივთის განკარგვაზე. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად კი ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. აღსანიშნავია, რომ ანაბარი თავისი არსით არ წარმოადგენს ბავშვის საკუთრებაში არსებულ არც მოძრავ და არც უძრავ ნივთს, შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის ამ ურთიერთობებზე გავრცელების საფუძველი და აღნიშნული არც კანონპროექტის ავტორთა მიზანს წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შესახებ პირდაპირი მითითება გაკეთდებოდა კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ანაბრის განკარგვასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების განხილვისას, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის და 874-ე მუხლის დებულებები.

სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად: „მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“. სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიზანს არ წარმოადგენდა ანაბართან დაკავშირებული საკითხების ახლებური დარეგულირება და 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის განკარგვაში არ იყო მოაზრებული ბავშვის სახელზე არსებული ანაბარი.