ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების ზრდაზე ორიენტირებული კერძო კაპიტალის ფონდების დაფუძნების ხელშეწყობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საინვესტიციო ფონდების განვითარების ხელშეწყობის ახალ ინიციატივაზე იმსჯელეს. მისივე თქმით, დაგეგმილია რამდენიმე კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის ხელშეწყობა, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 200 მილიონ ლარამდე იქნება.
ეკონომიკის უწყების ცნობით, ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შედგა და მას როგორც პოტენციური აქტივების მმართველი კომპანიების, ასევე პოტენციური ინვესტორების, ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნეს სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, საინვესტიციო ფონდების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.
„კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბოლო 5 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აქტიურად ახორციელებს. ჩვენ შევქმენით მყარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ფუნდამენტურ როლს თამაშობს ამ რეფორმის წარმატებაში“, - აღნიშნა ნადარეიშვილი.
როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს პირველი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციიდან დღემდე მათი რიცხვი 19-მდე გაიზარდა, მათ მართვაში არსებული მთლიანი აქტივები ყოველწლიურად საშუალოდ 60%-ით იზრდება, კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა და 1,9 მილიარდ ლარს მიაღწია, საქართველოს საპენსიო ფონდის მართვაში არსებულმა აქტივებმა კი 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
„ჩვენ დავიწყეთ რეფორმის მეორე ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს ვენჩურული კაპიტალის, ობლიგაციების ბაზრის, კერძო კაპიტალის და მსგავსი ინსტრუმენტების გაძლიერებასა და სტიმულირებას. ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების ზრდაზე ორიენტირებული კერძო კაპიტალის ფონდების დაფუძნების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ამჟამად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუშაობს კერძო კაპიტალის ფონდის დაფუძნების ხელშეწყობაზე, რომელშიც მას შეზღუდული პარტნიორის როლი ექნება. მომდევნო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით დაგეგმილია რამდენიმე კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის ხელშეწყობა, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 200 მილიონ ლარამდე იქნება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. დამსწრე აუდიტორიას პრეზენტაციები წარუდგინეს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ და მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის უფროსმა სპეციალისტმა შანტი დივაკარანმა.




























