მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგვიანდა სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - რაში რა დახარჯა მესტიის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში

5e47b07ab33f6
ინგა მურუსიძე
15.02.20 16:00
1131
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მესტიის მუნიციპალიტეტში, 2017-2018 წლებში ჩატარებული აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვა.

დაკვნაში სხვა მიგნებებთან ერთად საუბარია, რომ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯები გაწეულია შემდეგ პროგრამებზე: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება – 6,462.9 ათასი ლარი; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 122.5 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 11,739.3 ათასი ლარი; განათლება – 1,777.9 ათასი ლარი; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები 2,605.7 ათასი ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 1,599.3 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2017-2018 წლების შემოსულობებმა − 26,394.0 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 24,307.8 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წელს გადასახდელების გეგმის საკასო შესრულება 78%-ია.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, დაგეგმილ პარამეტრებს არ შეესაბამება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის მაჩვენებელი.

„მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო კრიტერიუმით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები. კერძოდ, დაგვიანდა საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზების, ხიდების, გზების, სტიქიით დაზიანებული და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 2,965.4 ათასი ლარი.

2017 წლისათვის დაიგეგმა 2,965.1 ათასი ლარის ათვისება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების დაგროვებამ 1,539.9 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 4,505.3 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 1,102.3 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. 2018 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 4,505.1 ათასი ლარის გამოყენება, თუმცა წინა წლის მსგავსად დააგროვა 546.3 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 5,051.6 ათასი ლარი შეადგინა. აქედან 255.8 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.

2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის ბალანსზე ნაშთად ირიცხებოდა აუთვისებელი თანხები 334.8 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც 2010-2014 წლებში სხვადასხვა დანიშნულებით გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ. მუნიციპალიტეტმა ორივე წლისათვის დაგეგმა აღნიშნული თანხების ხარჯვა, თუმცა ნაშთი არ შემცირებულა. მუნიციპალიტეტმა ასევე ვერ შეძლო 2016 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხების დროული ათვისება და 2018 წლის პირველი იანვრისათვის ნაშთად ერიცხებოდა 50.7 ათასი ლარი.

დასკვნა მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე. შედეგად, მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ პროდუქტებით, რაც შესაძლოა მიწოდებულ იქნეს ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების დროული და ეფექტიანი გამოყენებით“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ცნობისთვის: მესტიის მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება და ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტი აერთიანებს 17 ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც მოიცავს დაბა მესტიასა და 157 სოფელს. თვითმმართველი ერთეულის ფართობია 3,045 კვ. კმ, მოსახლეობის რიცხოვნობა კი შეადგენს 9.3 ათას კაცს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები