მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბანში სასმელი წყლის ხარისხი ფაქტობრივად არ კონტროლდება - აუდიტი

gwp წყალი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. სხვა დარღვევებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემებია.

ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება, ხოლო წყლის ხარისხი ფაქტობრივად არ მოწმდება. გარდა ამისა, სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს.

აუტიდის მიერ შესწავლილი ფაქტობრივი გარემოება შემდეგია, 2021-2022 წლების ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, რისთვისაც აღნიშნულ პერიოდში 1,159.8 ათასი ლარია გახარჯული.

აუდიტის ჯგუფმა, მერიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით და შესრულებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით, შეისწავლა მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ზოგადი მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდში ქალაქ გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. 20 სოფელში მცხოვრები 9,283 ოჯახის წყალმომარაგებას ემსახურება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − გარდაბანსერვისი, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. აღნიშნულ 20 სოფელში მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით, ხოლო დანარჩენი 5 სოფლის 5,428 ოჯახისათვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი (სარგებლობენ ბუნებრივი წყაროებით). 2021- 2022 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სულ გაწეულია 1,159.8 ათასი ლარის ხარჯი. მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემა, ასევე ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით, არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ აქვს გატარებული.

აუდიტის დასკვნა: თვითმმართველ ერთეულში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემური პრობლემა: მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს შესაბამისი პროფილის პასუხისმგებელი სუბიექტი; მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია.

აუდიტის რეკომენდაცია: მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები