მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაინტერესება ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა - "თიბისი კაპიტალი"

თინა სიმონიშვილი

საერთაშორისო ბაზარზე ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა - ამის შესახებ BMG-სთან "თიბისი კაპიტალის" უფროსი ვიცე-პრეზიდენტი თინა სიმონიშვილი აცხადებს.

„2021 წლის შემდეგ საქართველო პირველად დაუბრუნდა საერთაშორისო კაპიტალის ბაზარს 500 მილიონი დოლარის ობლიგაციების გამოშვებით. საკმაოდ წარმატებული გამოდგა ეს გარიგება. ძალიან დიდი დაინტერესება იყო ობლიგაციების მიმართ - 2.8 მილიარდის მოთხოვნა შეიკრა, როდესაც მხოლოდ 500 მილიონი დოლარი იყო ასაღები“, - აღნიშნავს თინა სიმონიშვილი.

მისივე განმარტებით, ასეთმა მაღალმა კონკურენციამ შესაძლებელი გახადა საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი შემცირება. საბოლოოდ, ობლიგაციები 5.125%-იანი კუპონით გამოვიდა, რაც დღევანდელ გლობალურ ეკონომიკურ პირობებში საუკეთესო შედეგად განიხილება.

„შეიქმნა ახალი ბენჩმარკი ადგილობრივი კორპორაციებისთვისაც. ის კომპანიები, რომლებიც გეგმავენ საერთაშორისო ბაზარზე თანხების მოზიდვას, მათთვის უკვე გასაგებია, რა განაკვეთთან ახლოს შეიძლება დასხდნენ“, - ამბობს „თიბისი კაპიტალის“ ვიცე-პრეზიდენტი BMG-სთან.

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა საერთაშორისო ფონდების ასეთი აქტიურობა, თინა სიმონიშვილი რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს: სწორად შერჩეულ დროს, საერთაშორისო ბანკების რეკომენდაციებს და ზოგად ტრენდს განვითარებადი ბაზრების მიმართ.

„ამ ტრანზაქციაში ჩართული იყო რამდენიმე საერთაშორისო ბანკი, რომლებიც რჩევებს აძლევდნენ ქვეყანას, თუ რა მომენტი იყო სწორი ბაზარზე გასასვლელად. ზოგადად, განვითარებადი ბაზრებიდან ობლიგაციებზე მაღალი დაინტერესებაა საერთაშორისო ფონდების მხრიდან. საქართველო დიდი ხანია ბაზარზე არ ყოფილა, შესაბამისად, ინტერესი მაღალი იყო“, - განმარტავს სიმონიშვილი.

მისივე თქმით, 5.125%-იანი განაკვეთი განსაკუთრებით მომხიბვლელია იმის გათვალისწინებით, რომ მას საკმაოდ პატარა „სპრედი“ (სხვაობა) აქვს ამერიკის სახაზინო ობლიგაციებთან მიმართებაში. თინა სიმონიშვილის შეფასებით, ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც მოცემულ მოცემულობაში იყო შესაძლებელი: „ვფიქრობ, საუკეთესო შედეგით დასრულდა ეს ტრანზაქცია... იქიდან გამომდინარე, რომ დაინტერესება ხუთნახევარჯერ აღემატებოდა მიწოდებას“.

„თიბისი კაპიტალში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი გზას უხსნის კერძო სექტორსაც. საერთაშორისო ბაზრების მხრიდან „ქართული რისკის“ ასეთი პოზიტიური აღქმა იმის ნიშანია, რომ ევროობლიგაციების გამოშვებისთვის ახლა საუკეთესო მომენტია.

„ეს ძალიან კარგი სიგნალია სხვა ემიტენტებისთვისაც. ვინც გეგმავს და ფიქრობს ევროობლიგაციების გამოშვებას, კარგი მომენტი და კარგი დროა. „თიბისი კაპიტალი“ გააგრძელებს ასეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას. ჩვენ ადგილობრივად ყველაზე გამოცდილი კომპანია ვართ - ცხრა ტრანზაქციაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული არასაბანკო მიმართულებით“, - ამბობს თინა სიმონიშვილი.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მილიონის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება დასრულდა. კუპონის განაკვეთი 5.125% ოდენობით დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება. "ევროობლიგაციების მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი (5.125%), ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. სამინისტროსვე ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვებისას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები