ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით მის მიერ ქვეყნის ფედერალური რეზერვის, იგივე ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის სამსახურიდან გაშვება ნაკლებადაა მოსალოდნელი.
თავად ეს კომენტარი პრეზიდენტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს FED-ის თავმჯდომარის დათხოვნასთან დაკავშირებით ტრანპი რესპუბლიკელ კანონმდებლებთან კონსულტაციებს გადიოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ თემას ის მართლაც განიხილავს, მაგრამ ქმედითი ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. რამდენიმე კვირის წინ, ტრამპმა პაუელს ხელწერილი გაუგზავნა, რომლითაც პრეზიდენტი ბანკირს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს. წერილში, რომელიც რეალურად, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების რეიტინგზე დაწერილი ტექსტია, პრეზიდენტი FED-ის თავმჯდომარეს კვლავ “ნელს” უწოდებს.
დონალდ ტრამპის შეფასებით, ამერიკულ დოლარზე რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმუმ 1% უნდა იყოს, ნაცვლად ახლა არსებული 4.25-4.5%-ის შუალედისა, რასაც პრეზიდენტი შემცირებული ინფლაციით ხსნის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ში ისტორიულად გაძვირებული კაპიტალით, ამერიკელები ასობით მილიარდ დოლარს კარგავენ და ეს, მისი თქმით, სწორედ ჯერომ პაუელის დამსახურებაა. აღნიშნული, გარკვეულწილად მართალია, რადგან წელს პაუელს განაკვეთი ჯერ არ შეუმცირებია.
გასულ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ შეამცირა, მათ შორის სექტემბერში 50 საბაზისო პუნქტითაც, რაც საკმაოდ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯია. მიმდინარე წელს, ვითარება შეიცვალა, რაც, დიდწილად, თავად დონალდ ტრამპს და მის მიერ გლობალურ პოლიტიკაში შემოტანილ გაურკვევლობას და არაპროგნოზირებას უკავშირდება. ტარიფები, რომელთა ბედი ჯერაც გაურკვეველია, დიდ ინფლაციურ რისკს შეიცავს, რის გამოც FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით შერბილება, საკამათოა.




























