მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაიტოვეს" დამფუძნებლის და ადმინისტრატორის სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს

ნენსი ვოლანდი

Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებლების, ნენსი ვოლანდისა და ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტებმა Facebook პოსტით თავად გაავრცელეს ინფორმაცია.

"ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო. ადვოკატის გარეშე აპირებენ ჩხრეკის ჩატარებას", - დაწერა ნენსი ვოლანდმა.

"ჩემთანაც პოლიციაა მოსული!!!" - წერს ილია ღლონტი "დაიტოვეში".

როგორც "დაიტოვეს" დამფუძნებლის კორპუსებთან შეკრებილი მოქალაქეების Facebook "ლაივებიდან" ირკვევა, აქტივისტების სახლებთან მობილიზებულია პოლიცია. ნენსი ვოლანდის ბინის ჩხრეკას ესწრება ადვოკატი. ილია ღლონტის ბინაში არ უშვებენ მის მეუღლეს.

ასევე, არსებული ინფორმაციით, პოლიცია კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძის სახლშიც მივიდა.

"ნენსის სადარბაზოსთან მილიციაა, ადვოკატის და 1 მოწმის, დედამისის თანდასწრებით ტარდება ჩხრეკა, დეიდა არ შეუშვას. ჩვენ არ გვიშვებენ", - წერს "დაიტოვეს" ადმინი.

შსს ჩხრეკას აწარმოებდა აქტივისტ ისაკო დევიძის სახლშიც. დევიძე პოლიციამ 19 ნოემბერს, არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე, 15 სხვა დემონსტრანტთან ერთად დააკავა. მან იზოლატორი 8 დღის შემდეგ დატოვა.

განახლება: შსს-მ ჩხრეკის შემდეგ დააკავა ილია ღლონტი და ისაკო დევიძე. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავებიან დაკავებულ აქტივისტებს. ასევე არ არის ცნობილი, სად გადაიყვანეს დაკავებულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები