საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ სამინისტრომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესწავლა დაიწყო.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არაეფექტიანი საგადასახადო შეღავათების გადახედვაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს საუბრობდნენ. „მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომელთა ეფექტურობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ“, - ამბობდა გიორგი გახარია გასული წლის დეკემბერში, პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას.
Bm.ge-მ მოქმედ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ჰკითხა, დაიწყო თუ არა საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესწავლა.
„ამ მიმართულებით არის მუშაობა სამინისტროში. ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ შეღავათების რაოდენობა ძალიან ბევრია და შეფასების ნაწილი ძალიან მარტივი და სტანდარტული არ არის. ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად, მომდევნო პროგრამის ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.




























