ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებთან მობილიზებული ეკიპაჟები ფსიქოლოგიურ თუ სხვა სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ყველა პროცესი, იქნება ეს აცრები თუ სამედიცინო მომსახურება, ადგილზე, უწყვეტად მიმდინარეობს.
„ძალიან დიდი მთის მასაა წამოსული. ათასობით კუბური მეტრის მიწა, რაც სამუშაო პროცესს ხელს უშლის, ეს მასა დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლის არის. სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე, გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის. გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ონში და სტიქიის ეპიცენტრთან, სამედიცინო ეკიპაჟები და ექიმები, სამძებრო - სამაშველო სამუშაოების დაწყებისთანავე არიან მობილიზებულები.