მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა მზია ამაღლობელს ფიზიკურად გასწორებოდა - საია

მზია ამაღლობელი

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით. ამასთან, საია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მზია ამაღლობელს და პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა.

"დღეს რუსთავის #5 დაწესებულებაში საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ "ბათუმელებისა" და
"ნეთგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.

მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება",- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად - საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზედაც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები