ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, "ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 26 დღეა შიმშილობს, რჩება კლინიკა „ვივამედში“, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ციხეში გადაყვანა სახიფათოა.
„კვლევების და ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ საჭიროა დამატებითი გამოკვლევა, დაკვირვება და საავადმყოფოში დატოვება“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
აღსანიშნავია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ ექიმებმა განაცხადეს, რომ დამატებითი კვლევების ჩატარება იყო საჭირო.
„მზია ამაღლობელის პოზიცია იყო, რომ თუ დასრულდა ყველა სამედიცინო გამოკვლევა, მას არ უნდა იყოს საავადმყოფოში და დააბრუნონ ციხეში, რადგან ის არ შიმშილობს შეღავათების გამო. ის შიმშილობს უსამართლობის გამო და მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს არა იმიტომ, რომ ის შიმშილობს ან არა იმიტომ, რომ ჟურნალისტია, არამედ იმიტომ, რომ ის უკანონო პატიმარია. მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოა. ის იმყოფება უკანონო პატიმრობაში. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ ამ ზომას მის წინააღმდეგ იყენებენ როგორც პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევს და არა იმისთვის, რომ სამართლებრივი საფუძველი არსებობდა“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა „წერტილში“.
სახალხო დამცველმა, „საიას“ მიმართვის საფუძველზე, მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით შექმნა.
მზია ამაღლობელი 26 დღეა შიმშილობს. ის კვლევებისთვის „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.