თბილისის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც სხვისი თანხით ნაყიდი 5 ბინა გაყიდა და 836 880 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის დაუფლების და მითვისების მიზნით დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მატერიალური აქტივის დაგროვებაში დაეხმარებოდა.
ბრალდებულის შეთავაზებით, იგი დაზარალებულის ფინანსური სახსრებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ ბინებს შეიძენდა, რომელთა ნაწილი გაფორმდებოდა დაზარალებულის ოჯახის წევრების, ნაწილი კი - ფიქტიურად თავად ბრალდებულის სახელზე. ბრალდებულმა აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, თბილისში ნაყიდი ხუთი ბინა პირადად გაასხვისა მესამე პირებზე და მიღებული თანხა, ჯამში - 836 880 ლარი მიისაკუთრა", - ნათქვამია თბილისის პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























