პროკურატურამ დააკავა პირი, რომელმაც "ზეკარის წყაროების" წილი მოტყუებით მიითვისა.
გამართულ ბრიფინგზე, გენერალური პროკურორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილმა თქვა, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კომპანიის წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და სანაცვლოდ საწარმოს წილების დათმობა მოითხოვა.
ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, სხვა დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებული თანხიდან, ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა.
შედეგად, ბრალდებულმა აღნიშნული წილები ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც კომპანიის ფინანსური ვალდებულებები დაფარა და არც აღებული ვალდებულება შეასრულა.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქმედებით იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტი, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს. დაახლოებით 163 000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 100%-ს მერი ცერცვაძე ფლობს, დირექტორი კი ნუგზარ ცერცვაძეა.
ცერცვაძეები კომპანიის ფლობაში 2022 წლიდან ჩნდებიან. იქამდე, კომპანიას 4 მფლობელი ჰყავდა: ამირან ახალაძე 16%, თემურ მინაძე 17%, პავლე მსხვილიძე 17%, ჯონდო გელხვიიძე 50%.
ამის შემდეგ 3 მფლობელი წილს ყიდის და კომპანიის მფლობელები მერი ცერცვაძე და ჯონდო გელხვაძე ხდებიან 50-50% წილით. 2023 წლის 22 მარტიდან კი, ერთადერთი მესაკუთრე მერი ცერცვაძეა.


























