მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავშირებულია თუ არა პოლოლიკაშვილის და ბაჩიაშვილის საქმეები? - კობახიძის პასუხი

პოლოლიკაშვილი

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება წინ უსწრებდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლოლიკაშვილმა გადაწყვიტა, "თავზე გადახტომოდა სახელმწიფოს" და ამიტომ მოხსნეს მისი კანდიდატურა. ამასთან, კობახიძემ ისაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროებთან პარტნიორულ ურთიერთობაზე, რომელიც მისივე თქმით, მომავალშიც გაგრძელდება.

„ჯერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მან, რატომღაც, გადაწყვიტა, თავზე გადახტომოდა სახელმწიფოს. შესაბამისად, თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა და მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამას აქვს ბევრი მიზეზი და ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რაც სხვადასხვა მიმართულებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, დაახლოებით 6 თვის წინ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტირებას, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, რამდენიმე დღეში გაიხსნება მშრალი პორტი თბილისში, რომელიც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განხორციელებული ინვესტიცია. ეკონომიკური კუთხით, ტურიზმში, ყველა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა საამიროებთან და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იყო უალტერნატივო. მომავალშიც განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან,“- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, დაკავშირებულია თუ არა პოლოლიკაშვილის და ბაჩიაშვილის საქმეები, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ სუს-მა შეიძლება ინატროს.

„რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება ანონსების დონეზე, მე არ ვიცი, შეიძლება, პიარში ფულს უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან ბაჩიაშვილს, ან „ტვ პირველს“, ან ორივეს ერთად, ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სასწაული ოპერაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დამნაშავე, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა სასჯელი მძიმე დანაშაულისთვის, ოპერაციის საფუძველზე ჩამოიყვანა საქართველოში. ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ინატროს სუს-მა, მოსადსაც კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება. არ ვიცი, რას უხდიან ნოდარ მელაძეს, მე ვიცი, რომ თავის დროზე, მას უხდიდნენ გარკვეულ თანხებს კონკრეტული შენობიდან, შეიძლება ეს პროცესი გრძელდება, ამაზე უნდა ვკითხოთ უსაფრთხოების სამსახურს,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები