მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკრედიტების გააქტიურება, ლარიზაცია და რეგულაციები - ვახტანგ ბუცხრიკიძე თურნავასთან შეხვედრის საკითხებს გამოყოფს

ვახტანგ ბუცხრიკიძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა კომერციული ბანკების დირექტორებს შეხვდა. სებ-ის ინფორმაციით, საუბარი საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და რეგულაციებს შეეხო.

ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბანკირების და ნათია თურნავას უკვე მეორე შეხვედრაა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ მათ იმსჯელეს იმ გზებზე, რომლის მეშვეობითაც მომდევნო წელს საბანკო სექტორს ეკონომიკის დაკრედიტების გააქტიურება შეუძლია.

"დღეს ეროვნულ ბანკთან შეხვედრა შედგა, სადაც მომავალ რეგულაციებთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. სამ საკითხს გამოვყოფ: პირველი - ლარიზაციას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბანკო სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის. მეორე საკითხი უკავშირდება ფინანსური სექტორს,  თუ რა რეგულაციები შეიძლება შემოვიდეს საბანკო სექტორისთვის, როგორც  მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. და მესამე, რაც ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება 2024 წელს საშუალო ვადაში საფინანსო სექტორი უფრო აქტიური გახდეს საკრედიტო მიმართულებით. ამაში ვგულისხმობ ფიზიკური პირების, მცირე და საშუალო, კორპორატიული ბიზნესების დაფინანსებას, რაც 2024 წელს საბანკო სექტორს უფრო გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"დღეს მორიგი  სამუშაო შეხვედრა  გაიმართა  საქართველოს  კომერციულ  ბანკებთან. ჩვენ  ვაგრძელებთ საუბარს სხვადასხვა რეგულაციის დახვეწასა და შერბილებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს და უფრო მეტი საკრედიტო აქტივობა იყოს. რაც მთავარია, ეს აქტივობა უნდა იყოს უფრო  მეტად  ეფექტური. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ბანკების მომხმარებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი დასაქმებისთვის. ყველაფერი უნდა მოხდეს ფასების სტაბილურობის გათვალისწინებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

“ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუკი სებ-ი ბანკირებთან შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები