მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების რეჟიმზე სებ-ის ბრძანება - რა იცვლება სექტორისთვის

ნათია თურნავა კაბინეტში 2

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების შესახებ. წესში აღნიშნულია, რომ ბანკებმა, მისოებმა, მიკრობანკებმა და სხვა სუბიექტებმა უნდა დაიცვან სანქციების რეჟიმის ის პირობები, რომლებიც განსაზღვრულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ეს ბრძანება შინაარსობრივად ახალი არაა და მისი მეშვეობით მოხდა იმ მითითებების თავმოყრა, რომელთა შესრულების ვალდებულებაც ფინანსურ სექტორს აქამდე ისედაც ჰქონდა. 

საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით მითითებებს ბანკები სებ-იდან ოფიციალური კორესპონდენციის სახით იღებდნენ და ამ მითითებების შესრულება სავალდებულო ხასიათს ატარებდა. აღნიშნული ბრძანების მიღება კი მნიშვნელოვანია პირველ რიგში ბანკებისა და მესამე პირების ურთიერთობის თვალსაზრისით.

თუკი აქამდე, მესამე პირებს (უცხოელ პარტნიორებს, პოტენციურ ინვესტორებს, დაინტერესებულ პირებს, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებს და სხვებს) არ ჰქონდათ წვდომა სანქციების რეჟიმის დაცვის რა წესებით ხელმძღვანელობდა ქართული საფინანსო სექტორი, მათ ახლა შეუძლიათ გაეცნონ აღნიშნულ ბრძანებას. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ბანკებს ეროვნული ბანკის მითითებების სხვა მესამე პირებისთვის გადაცემის და მათთვის აღნიშნულის გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანება კი ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯაროა. 
ეროვნული ბანკის მიერ მიღებული წესის დარღვევისთვის ბრძანების მეექვსე მუხლით შემდეგი სანქციები არის განსაზღვრული:

“მუხლი 6. წერილობითი მითითებები, საზედამხედველო ზომები/სანქციები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, ანგარიშვალდებული პირების მიმართ გასცეს წერილობითი მითითებები.

2. თუ ანგარიშვალდებული პირი არ ასრულებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები,”- ნათქვამია ბრძანებაში.

საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს იმას, რომ სებ-ს აქვს ფართო შესაძლებლობა განსაზღვროს რა სანქცია უნდა დაეკისროს ფინანსურ ინსტიტუტს ამ წესის დარღვევისთვის. პირველ ჯერზე ეს საზედამხედველო ზომები შეიძლება იყოს გაფრთხილება თუ სხვა გადაწყვეტილების მიღება, ხოლო განმეორებადი და სისტემური დარღვევის პირობებში ეს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებაც კი შეიძლება იყოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები