საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო სანქციების რეჟიმის შესრულების წესი დაამტკიცა. წესი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმს უკავშირდება და მისი მიხედვით, ბანკები, მისო-ები და სხვა ორგანიზაციები ვალდებული არიან შეიმუშავონ და დანერგონ შიდა კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები.
აკრძალვა ითვალისწინებს საყურადღებო პირთა მიმართ ვალუტის სახით ნაღდი ფულის მიწოდების აკრძალვას, საყურადღებო პირთა მიმართ პრევენციული ზომების გატარება და სხვა ვალდებულებების შესრულება. იმ შემთხვევაში თუკი ბანკები, მისოები და მიკრობანკები აღნიშნულ პირობებს არ შეასრულებენ, სებ-ს მათი სანქცირების უფლება ექნება.
ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი
მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო:
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების (შემდგომში – „ანგარიშვალდებული პირები“) მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ანგარიშვალდებული პირების ვალდებულებას შეასრულონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების (შემდგომში – „აშშ“), ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები (შემდგომში – „რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციები“) და ამ მიმართულებით შეიმუშაონ/დანერგონ ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმები.
მუხლი 2. რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციები
ანგარიშვალდებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციათა მოთხოვნებით, რაც მოიცავს:
ა) აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს;
ბ) ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს;
გ) დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
მუხლი 3. შეზღუდვები ნაღდი უცხოური ვალუტის მიწოდებასთან დაკავშირებით
საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი/ევრო) მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ან ევროზონის ქვეყნებში.
მუხლი 4. საყურადღებო პირებთან დაკავშირებული ვალდებულებები
ანგარიშვალდებულ პირებს ევალებათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოვლენილ და მათთვის მიწოდებულ საყურადღებო პირებზე უზრუნველყონ საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენება.
მუხლი 5. ანგარიშგების ვალდებულება
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ანგარიშვალდებული პირები ვალდებულნი არიან საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგებები.
2. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით, რომელიც მოიცავს:
ა) ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ;
ბ) ინფორმაციას ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ.
3. საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ.
4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება ამ ბრძანების დანართი №3-ით განსაზღვრული ფორმით.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებების წარდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის (1 (ერთი) კალენდარული თვე) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის (1 (ერთი) კალენდარული თვე) მომდევნო თვის 25 რიცხვისა.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგებების წარდგენა უნდა განხორციელდეს AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით.
მუხლი 6. წერილობითი მითითებები, საზედამხედველო ზომები/სანქციები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, ანგარიშვალდებული პირების მიმართ გასცეს წერილობითი მითითებები.
2. თუ ანგარიშვალდებული პირი არ ასრულებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.