ხვალიდან, 16 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.
კერძოდ, ძალაში შედის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება. ამ დრომდე ეს ლიმიტი 100 000 ლარს შეადგენდა.
როგორც მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ, კრედიტის ლიმიტის 200 000 ლარამდე გაზრდით სექტორს საშუალება ექნება, არსებული კლიენტები შეინარჩუნოს.
როგორც BMG-ის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ განუცხადა, დაკრედიტების გაზრდილი ლიმიტის სექტორს საშუალებას მისცემს, დაახლოებით 200 მლნ ლარის დამატებითი პორტფელი შეიძლება შექმნას.
„მიკროსაფინანსოებისთვის დაკრედიტების ლიმიტი გაორმაგდა, რაც ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, ახალი პროდუქტები განავითარონ და უფრო მეტად იყვნენ ბიზნესდაკრედიტებაზე ორიენტირებულები. უფრო აქტიურად მოიზიდონ მომხმარებლები და არსებულებიც ცოტა უფრო დიდხანს შეინარჩუნონ. უხეში დათვლებით, 10-20%-ის ფარგლებში დამატებითი პორტფელის გენერირება იქნება შესაძლებელი მაღალ ზღვარში, ვიდრე სექტორს აქამდე ჰქონდა. დაახლოებით 200 მლნ ლარის დამატებითი პორტფელი შეიძლება შექმნას სექტორმა უკვე გაზრდილი ზღვრის ფარგლებში.
ლიმიტის ზრდა სექტორს საშუალებას მისცემს, რომ უფრო მსხვილი მოცულობის კრედიტი გასცეს და შეამციროს ის ერთეული დანახარჯები, რაც კრედიტების გაცემას უკავშირდება. როგორც კი საშუალო სესხის მოცულობა გაიზრდება, ეს მისცემს ორგანიზაციებს საშუალებას, რომ უფრო იაფად გასცენ სესხები“, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.




























