მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

მამუკა მდინარაძე

გაუგებარია ახალი უწყების შექმნა კოორდინაციის მოტივით, რადგან 2019 წლიდან საქართველოში უკვე არსებობს პრემიერ-მინისტრთან მოქმედი რეგიონული განვითარების სახელმწიფო კომისია - ამის შესახებ BMG-სთან ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების ექსპერტი დავით მელუა აცხადებს.

მისი თქმით, აღნიშნული კომისია სწორედ სამინისტროთაშორისი კოორდინაციისთვის შეიქმნა და მასში ყველა უწყებაა წარმოდგენილი.

„კოორდინაციის მექანიზმი გვაქვს სახელმწიფო კომისიის სახით. თუ მან ვერ იმუშავა, ამას უნდა გაეცეს პასუხი. დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა სისტემას ვერ გააძლიერებს“, - აცხადებს დავით მელუა BMG-სთან.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იგივე „უპორტფელო მინისტრის“ სტატუსია. მელუას განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი თანამდებობები დროებითი, კონკრეტულ მოვლენაზე ორიენტირებული (მაგ. მიგრაციული კრიზისი) ან წმინდა საკომუნიკაციო ფუნქციის მატარებელია. რეგიონული განვითარება კი მუდმივი, ინტერსექტორული და კომპლექსური დარგია.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატს ვერ ექნება რეალური ბერკეტები. ყველა ფინანსური და აღმასრულებელი ინსტრუმენტი - მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალმომარაგებისა თუ დასუფთავების კომპანიები - კვლავ ინფრასტრუქტურის სამინისტროში რჩება. სახელმწიფო მინისტრს მხოლოდ კოორდინაციისა და კომუნიკაციის მანდატი აქვს, რაც ამ მასშტაბური ამოცანის შესასრულებლად საკმარისი არ არის,“ - აცხადებს ექსპერტი.

მისივე შეფასებით, რეგიონული განვითარება ეკონომიკური გეოგრაფიის საკითხია და არა იურიდიული ან ძალოვანი მართვის სფერო.

„არის რამდენიმე ასპექტი, რომელიც ჩემთვის გაუგებარია. ბატონი მდინარაძე, რამდენადაც ვიცი, იურისტი ბრძანდება, ის ძალოვანი სისტემის წარმომადგენელია შესაბამისი საპოლიციო თუ სამხედრო წოდებით, ხოლო რეგიონული განვითარება თავისი არსით, ეკონომიკის და უფრო კონკრეტულად, ეკონომიკური გეოგრაფიის საკითხია. მე უფრო ვისურვებდი, რომ აქ ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ძალიან მყარი აკადემიური ცოდნა და გამოცდილება საქართველოში რეგიონული განვითარების საკითხებზე, მათ შორის ექნებოდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის რეგიონული განვითარების ძირითადი გამოწვევები. მუნიციპალურ მოხელეებს უფრო მეტი კოორდინაცია ნამდვილად არ სჭირდებათ. ისინი რამდენიმეეტაპიანი კოორდინირებისა და მონიტორინგის ქვეშ არიან - დაწყებული პარტიული ვერტიკალიდან, დამთავრებული ძალოვანი ვერტიკალით. აქ სხვა საკითხებია მნიშვნელოვანი, როგორიც არის რეგიონების ასიმეტრიული განვითარება, შიდა და გარე მიგრაციის საკითხები, უთანაბრო და უთანასწორო ეკონომიკური აქტივობები, დაბალი კონკურენცია... მრავალი სხვა საკითხი, რომელიც თავისი არსით არის ეკონომიკის თეორიის საკითხი და მას სჭირდება ფორმირება“, - აცხადებს მელუა.

მისი შეფასებით, ქვეყნისთვის ოპტიმალური იქნებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, როგორც ერთიანი დარგობრივი უწყების აღდგენა. ექსპერტის ხედვით, ინფრასტრუქტურა უნდა დაექვემდებაროს რეგიონულ პოლიტიკას და არა პირიქით. პარალელურად კი, აუცილებელია უკვე არსებული სახელმწიფო კომისიის ეფექტიანობის გაზრდა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან დარგებს შორის კოორდინაციის რეალური გაძლიერება.

მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის. აღნიშნული აპარატის ხელმძღვანელის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც, ამავე დროს, ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც შეითავსებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ამასთან, შექმნიდან 3 თვეში უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც ამ დრომდე, მამუკა მდინარაძე იკავებდა. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი, სექტემბრიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები