საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარედ შეკრებილი მოქალაქეები სლოგანით „დამხობა რეჟიმს და თავისუფლება ტყვეებს“ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. როგორც მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, საპროტესტო გზავნილებით ხელისუფლებას მიმართონ და გააპროტესტონ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა.
აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ატარებენ და სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა“, „უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
საზმაუსთან შეკრებილები ამბობენ, რომ მარშით ეგნატე ნინოშვილის ბიუსტთან, მოძრაობას “სოციალური დემოკრატიისთვის“ შეუერთდებიან, სადაც იქნება დისკუსიები და თავად მოძრაობის წარდგენა. რის შემდეგაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.
პარალელურად, რამდენიმე წუთში დაიწყება პირველი რესპუბლიკის აღლუმი, სადაც მოქალაქეები გააცოცხლებენ „შევარდენის“ ქალი გიმნასტების მარშს.




























