ვენესუელას ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, რომელიც დღეს მეუღლესთან ერთად ნიუ იორკის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგან, განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. საუბარია ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან, შეთქმულებასთან, მოსყიდვასა და ნარკო-ტერორიზმთან დაკავშირებულ სხვა ბრალდებებზე, რომლებსაც მას და მის მეუღლეს ამერიკის ფედერალური პროკურატურა ედავება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მადუროს ნიუ იორკში გასამართლება სამართლიანია, რადგან ის ნარკო-კარტელი, რომელსაც მადურო ხელმძღვანელობდა, ნარკოტიკულ საშუალებებს სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასაღებდა.
„უდანაშაულო ვარ, დამნაშავე არ ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ“, - განაცხადა მადურომ სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლას მადურომ უფლებადამცველად ავსტრალიელი გამომცემლისა და აქტივისტის, ჯულიან ასანჟის ადვოკატი, ბარი პოლაკი აიყვანა. ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უპრეცედენტო საქმის მოსამართლე კი 92 წლის ელვინ ჰელერსტაინი იქნება. მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმის არსებითი განხილვა მარტში დაიწყება, პროცესი კი სტანდარტულად წარიმართება, რაც ნიშნავს იმას, რომ, სულ მცირე, პირველი ინსტანციის განხილვები 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მადუროს დაკავება და ნიუ იორკში გასამართლება კანონიერებას ეწინააღმდეგება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქცია ვენესუელაზე არ ვრცელდება და ვენესუელას ექსპრეზიდენტის ექსტრადიცია სამშობლოში დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.
გარდა საკუთარი თავის უდანაშაულოდ გამოცხადებისა, მადურომ დაკავების პოლიტიკურ კომპონენტზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თავს ისევ ვენესუელას პრეზიდენტად მიიჩნევს და რომ მისი პატიმრობა უკანონოა.




























