მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში 3 უწყება მასპინძლობს – რა იგეგმება 100-საფეხურიან კიბესთან?

ქუთაისი 26 მაისი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წელს ქუთაისში აეროპორტების გაერთიანება, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს ფოსტასთან ერთად, ბალახვანის 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ მასშტაბურ ღონისძიებებს მასპინძლობს.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა, ყველა მსურველს მოუწოდებენ, ქუთაისში, 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ ეწვიონ ღონისძიებას და ერთად აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე.

"გელოდებით ყველას! ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისში მრავალფეროვანი აქტივობებით ვართ წარმოდგენილი. ბალახვანში, 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ მოსულ სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს მრავალფეროვანი ღონისძიებები დახვდებათ," — განაცხადა მოსეშვილმა.

მისი თქმით, სპეციალურად ამ დღისთვის, ქუთაისის აეროპორტის მთავარი არქიტექტურული კომპონენტისგან შექმნილი საგამოფენო სივრცეა მოწყობილი. ეს მულტიფუნქციური სივრცე მოიცავს სხვადასხვა ელემენტებს, მათ შორის:

  • გასართობ აქტივობებს;
  • მოსასვენებელ კუთხეს;
  • ჩემოდნების ფოტოზონას.

განსაკუთრებული მიმზიდველობით გამოირჩევა ვირტუალური რეალობის (VR) ზონა, რომელიც სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ასევე, ცალკე ინსტალაციად არის წარმოდგენილი თვითმფრინავის კუდის ფორმის ფრენის სიმულაციის ოთახი, სადაც დამთვალიერებელს ფრენის შეგრძნების განცდა შეეძლება. ქუთაისში მისულ სტუმრებს ასევე სხვადასხვა ვორქშოპები და საბავშვო გასართობი აქტივობები ელოდებათ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ძირითადი ღონისძიების გარდა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დამოუკიდებლობის დღისთვის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გააფორმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ დღის მნიშვნელობას ქვეყნისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები