უკრაინის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავის წინ, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, ევროკავშირი ქვეყნისთვის 4.05 მილიარდი ევროს გამოყოფით კიდევ ერთ ძლიერ სიგნალს ავრცელებს ურყევი მხარდაჭერის შესახებ.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, ეს მოიცავს 3.05 მილიარდ ევროს უკრაინის დახმარების მექანიზმის მეშვეობით და 1 მილიარდ ევროს ევროკომისიის განსაკუთრებული მაკროფინანსური დახმარების (MFA) სახით.
"ეს ახალი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენის, არამედ მისი, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მომავლის მიმართ. რადგან როდესაც უკრაინა ძლიერია, ევროპაც ძლიერია",- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისა და მისი მოსახლეობისთვის 168.9 მილიარდი ევროს ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების მობილიზება მოახდინეს.




























