მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი კიევს ენერგეტიკული კრიზისის აღმოსაფხვრელად €1 მილიარდს გამოუყოფს

გაყინული აქტივები

ევროკავშირი უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1 მილიარდ ევროს ($1.17 მილიარდ დოლარს) გამოყოფს.

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისრის, დენ იორგენსენის განცხადებით, პირველი ტრანში, $100 მილიონი ევრო ჰუმანიტარულ დახმარებასა და გენერატორებს მოხმარდება, ხოლო დარჩენილი თანხები ელექტროქსელების, თბოსადგურებისა და ფიზიკური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე გადანაწილდება.

როგორც ირკვევა, თანხები სხვადასხვა სახის დენის გამომუშავების ინფრასტრუქტურას მოხმარდება, რათა შეტევების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანას ჰქონდეს გენერაციის ალტერნატიული წყაროები.

ევროკავშირის განცხადების პარალელურად, რუსეთის ფედერაცია უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თვეების განმავლობაში მიმდინარე იერიშებს განაგრძობს. ამან მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე, გაუსაძლისი სიცივის პირობებში უკვე დატოვა. გასული წლის მიწურულს დაწყებული თავდასხმების ფარგლებში, მხოლოდ იანვარში კრემლმა თბოელექტროსადგურებისა და ქვესადგურების გასანადგურებლად 6,000-მდე უპილოტო საფრენის საშუალება, ასევე 5,500 მართვადი დრონი და 158 რაკეტა გამოიყენა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უწყვეტი დაზიანება სახელმწიფოს ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვა და სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავზე უკრაინამ უპრეცედენტო ფინანსური დარტყმა მიიღო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკული ტერორი კრემლის ამჟამინდელი სამხედრო სტრატეგიის მთავარი საყრდენია, რადგან ეს მეთოდი მიიჩნევა მოსახლეობაში უკმაყოფილების გამოწვევის უმოკლეს გზად. გზად, რომელიც მას მიმდინარე მოლაპარაკებებში უკეთეს პოზიციას მიანიჭებს და აიძულებს კიევს, დათმობებზე წავიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები